თბილისის ზოოპარკში ვეფხვის ბოკვერები შხაპს იღებენ – ვიდეო

 „თბილისის ზოოპარკმა“ სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ასახულია ვეფხვის ორი ბოკვერი, რომლებიც შხაპს იღებენ. ვიდეოს პარალელურად ზოოპარკის ადმინისტრაცია ავრცელებს ტექსტს, სადაც აღნიშნლია, რომ ცხოველების დაბანა-არდაბანის საკითხი ხშირად ხდება ზოოპარკის სოციალური ქსელის გვერდზე გაჩაღებული დისკუსიების მთავარი თემა. აღნიშნულ საკითხზე ადმნისტრაცია მცირე განმარტებას აკეთებს. „ცხოველების დაბანა-არდაბანის საკითხი ხშირად ხდება ჩვენს გვერდზე გაჩაღებული დისკუსიების მთავარი თემა. გვეკითხებიან ხოლმე, რატომ არ ვბანთ ცხოველებს. ხანდახან კითხვით არ იფარგლებიან და პირდაპირ მოითხოვენ მათ დაბანას. თანაც შამპუნით. საქმე ის გახლავთ, რომ ცხოველებსა და ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვაგვარი ნირი გვახასიათებს. ჩვენი ზოოპარკის ბინადრებს, ჩვენგან განსხვავებით, არ სჭირდებათ სისტემატური ხვანჩალი, დილა-საღამოს შხაპის მიღება, ჰიგიენური საშუალებების გამოყენება და პარფიუმერული ნაწარმის პკურება. ზოგიერთი ცხოველი, მაგალითად ლომი, საერთოდ არ ბანაობს. არასოდეს. შესაბამისად, არც ზოოპარკში ცხოვრებისას არის აუცილებელი მისი ფაფარის შამპუნით აქაფება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი მტაცებლების დაბანა მათი დაძინების გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. ისინი ხელზე არ არიან მიჩვეულები და, სავარაუდოდ, შამპუნისა და ჯაგრისმომარჯვებული მომვლელის დანახვაზე საეჭვოა, მორჩილად გაიშხლართონ ჰიგიენური პროცედურის მოლოდინში. ზოგი ცხოველი კი – პირიქით, გიჟდება წყალზე. მაგალითად, მტაცებლებს შორის წყლისადმი განსაკუთრებული სიყვარულით ვეფხვები გამოირჩევიან; თუმცა, მიუხედავად ამისა, არც მათ ვბანთ შამპუნებითა და კონდიციონერებით. ცხადია, მოუშინაურებელი ვეფხვები აბანოში, მექისეს წინაშე განრთხმული ადამიანებივით არ გაგვეშოტებიან, არიქა, ზურგი გაგვიხეხეთო. ამიტომაც აქვთ მათ ვოლიერში აუზი, რომელშიც სიამოვნებით ჭყუმპალაობენ და თამაშობენ, როცა თავად აქვთ ამის სურვილი. განსაკუთრებით აუზის ავსების პროცესი ემხიარულებათ. დაჭოპჭოპებენ სიცილ-კისკისით და ატალახებენ მთელ ვოლიერს. მერე ჩვენ მივდივართ, ვუღებთ ფოტოებსა და ვიდეოებს და ასე ვეუბნებით: „სუქ, სუქ, სუქ, სუქ, შენც მსუქანი და დათვიც“, – წერს ზოოპარკის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=gGMqK8H1W7U&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები