ზურგი მაქციეს, იმიტომ რომ გეი ვარ – “ჩემი ცრემლები უფრო წმინდაა, ვიდრე შენს ტაძრებში ნაპკურები აიაზმა”

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ნიქო გორგილაძე ლექსს აქვეყნებს.

ნუ მატირებ, ჩემო ქვეყანავ!
ჩემი ცრემლები უფრო წმინდაა,
ვიდრე შენს ტაძრებში
ნაპკურები აიაზმა.
სადა ხარ, იაჰვე?
ნუთუ კვლავ დუმილით,
ღრუბლებითა და თეთრი წვერით აიკაზმე?

ნუ მირტყამ, ჩემო ქვეყანავ!
ჩემი სხეული უფრო წმინდაა,
ვიდრე ეპისკოპოსთა
ათასგზის ნალოშნი გვამები.
(ზოგჯერ უშვილო,
მაგრამ ათასი მონის მამები).

სადა ხარ, ელოჰიმ?
შენი მღვდლები
და შენი მონები
გაშმაგებით მწვდნენ საყელოში,
მწყევლეს, მაფურთხეს, მგვემეს.
მე ვხედავ გვამებს.
ოქროსფერ გვამებს.

ზურგი მაქციეს,
რადგან გეი ვარ
და ვაბინძურებ
100 000 მოწამის მიერ
მოფსმულ ხეივანს!
(ჩემს სამშობლოში
მასწავლებლები და მოწამეები
არ ფსამენ!
არ ფსამენ!
არ ფსამენ!
ამენ!)
შარდისბუშტგამსკდარი მოწამეებიც უხილავად
ჩამაფრინდნენ საყელოში!
ერთ-ერთი ყოფილა
მესამე დასის ანგელოსი!
(სალოს ნიკოლოზს დაუნახავს,
მადლის ეროვნულ საბადოს).
სადა ხარ, უფალო, საბაოთ?!
ჩემთვის არასდროს გეცალა,
მონებს უსმენდი
და მათ გულუბრყვილო სურვილებს,
რომელშიც ნათლად იგრძნობა სიცოცხლისა და ფულის დანაკლისი.
ხოდა, შენც ითხოვ მსხვერპლს და შესაწირს,
გიყვარს პარაკლისი,
დაუჯდომელი
და წირვა –
განსაკუთრებით შობა ღამისთევით,
როცა პატრიარქს
ბეზრდება ხიზილალა,
სამარხვო სუფრა ხსნილდება
და წელსქვევით გადახსნილები
ვგალობთ გახსნილად:
“25-სა დეკემბერსა
ცხვარი დავკლათ, ბეკეკაო, ალილო!”
არადა, შენი ძე ამბობდა,
წყალობა მნებავს და არა მსხვერპლიო.
მაგრამ, ეს რომ თქვა,
ღრუბლებსა და უჟამო უფსკრულში კი არა,
ბოსელში უნდა იშვა,
(თევზივით შიშვლად),
თივის ზვინებში,
ნაკელის სუნში,
პირველ კურცხალში,
ქალის მკლავებში.
……………………………….
ჩემი სამშობლო როიალია,
მე – ჩავარდნილი კლავიში.

კომენტარები

სხვა სიახლეები