ვინ არის ჩცდ -ს ახალი პერსონაჟი “მათე”- შეყვარებულს ჩემი როლი ძალიან მოსწონს

17 წლის გეგა ოდიშელიძემ მთელი საქართველო აალაპარაკა საკუთარი სამსახიობო მონაცემებით – ის მათეს განასახიერებს „ჩემი ცოლის დაქალებში“, ბიჭს, რომელიც საკუთარ სკოლელ ჯეკოს ჩაგრავს… აქტუალური თემა, ბავშვებს შორის ძალადობა და ბულინგი სკოლებში „ჩცდ“-მ ყველაზე უკეთ წარმოაჩინა…
გეგა fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარი პერსონაჟის შესახებ ესაუბრა. სანამ ფოტოებს ვიღებდით, მანამდე რამდენიმე ადამიანმა ჩამოიარა, გეგა დანახვისთანავე იცნეს, ერთ-ერთმა კი ჩაილაპარაკა: „იმედია, ისეთი არ არის, როგორიც მისი პერსონაჟი“. ამას გეგას ბოლო დღეებში ხშირად ეუბნებიან…
გეგა ოდიშელიძე:
ვარ 17 წლის, ვსწავლობ 165-ე სკოლაში. ჯერ მსახიობი არ ვარ, მაგრამ იმედია, ვიქნები (იღიმის). სერიალის კასტინგზე ვიყავი. დამირეკეს დღის 12 საათზე, მეძინა, გამაღვიძეს და მითხრეს, რომ მათეს როლზე ვიყავი დამტკიცებული (იცინის). რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ამ სერიალის აქტიური მაყურებელი ვიყავი, სერია არ გამომიტოვებია, სამ-სამჯერ მექნება თითო ეპიზოდი ნანახი…
წარმოიდგენდი საკუთარ თავს ამ სერიალში?
სიმართლე გითხრა, არასდროს ვფიქრობ ხოლმე, რომ რაღაც შეიძლება არ გამოგივიდეს. შეიძლებოდა, ოდესღაც გამოსულიყო და გამოვიდა…
პირველ სერიაში მონაწილეობა როგორი იყო?
სანერვიულო და დამღლელიც და ყველაფერიც. პირველი სცენა იყო ასეთი – კარში უნდა შევსულიყავი. სანამ გავაღებდი კარს, მარტო ვიდექი, კარს რომ გავაღებდი, 30 კაცი იდგა კამერების უკან. იმდენჯერ გავიარეთ ეს სცენა, გული ამტკივდა ნერვიულობისგან, ცუდად გავხდი. ნერვიულობაზე ძალიან ცუდად ვხდები ხოლმე… ყველაფერმა მაგრად იმოქმედა. მეგონა, რომ ისე კარგად ვერ ვითამაშე. ნერვიულობა რომ მომეხსნა, მერე უფრო დავაკვირდი, სად როგორ ჯობდა თამაში. სახლში გავივლიდი, სარკის წინ მონახაზს და მერე ვთამაშობდი.
პირველ სერიას რომ შეხედე, რა მოგეწონა და რა არ მოგეწონა?
ძნელია იმის თქმა, საკუთარი თამაშიდან რა მომეწონა და რა – არა. რაღაცები მომეწონა, რაღაცები – არა. ზოგი რამ არ მახსოვდა, როგორ შევასრულე, არ ვმალავ და მომეწონა. ისიც შემეძლო, რომ რაღაცები უკეთ შემესრულებინა.
მითხრეს, საერთოდ არ ჰგავს თავის პერსონაჟსო…
არ ვიცი, რითი ვგავარ. გარეგნულად ვგავარ და ჩემი ტანსაცმელი მაცვია. ხასიათით მსგავსება ისაა, რომ შემიძლია, უცბად ავფეთქდე და დავიწყო ყვირილი. არ მომწონს ეს პერსონაჟი და ბევრი რამით არ ვგავარ. მიუღებელია ბევრი რამ – ის არა, რომ გოგოს გამო ვინმეს ეჩხუბო, თუკი მასაც მოსწონხარ, მაგრამ როცა სხვებს მოსწონთ ერთმანეთი და შენ ერევი, ეს არის მიუღებელი.
სოცქსელებში შენი მონაწილეობით სერიებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ელოდი ასეთ რეაქციებს?
მეგონა, რიგითი სერიები იქნებოდა და ჩაივლიდა, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. წუთში ერთხელ მეგობრობის თხოვნა მოდის.
სკოლაში რას გეუბნებიან?
არ ვიცი, არაფერი უთქვამთ…
როგორ ფიქრობ, შენს პერსონაჟს გამოსწორების შანსი აქვს?
ჯერ არ დასრულებულა სერიები და ვერ გეტყვით. ალბათ, ყველაფრის თავიდან დაწყება შეუძლია, რადგან პატარაა. მე ასეთი შეცდომა არ დამიშვია ცხოვრებაში.
გოგოს გამო გიჩხუბია?
არა. სულ ორჯერ მიჩხუბია და არა გოგოს გამო.
გყავს შეყვარებული?
მყავს. ანა ზურაბიშვილი. ჩემზე დიდია, 18 წლისაა. ჩემი როლი ძალიან მოსწონს, ამაყობს, უხარია და ცოტას ეჭვიანობს, გოგონები რომ მწერენ „ფეისბუქზე. ცდილობს, არ შეიმჩნიოს, მაგრამ ვიცი, რომ ეჭვიანობს. მე ამის საბაბს არ ვაძლევ.
ოჯახზე მინდა გკითხო… ხელოვანი გყავს ვინმე?
ბებია არის პიანისტი, მანანა ოდიშელიძე, ძალიან მაგარი პიანისტი გახლავთ. დედა ხელოვნებათმცოდნეა, ოჯახში მსახიობი არავინაა. მე ვაპირებ ჩაბარებას.
სადმე გივლია?
ცოტა ხანს ვიარე „არტ ჰოლში“, გოგა პიპინაშვილთან. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ გამოცდილებას ვიღებდი, მაგრამ როცა დამჭირდა, როგორც ჩანს, გამოვიყენე. სპექტაკლში არ მითამაშია. სავარჯიშოებს ვაკეთებდით ხოლმე, ცეკვას, სიმღერას და მეტყველებას გავდიოდი.
ცეკვავ და მღერი?
არ ვმღერი, ცეკვა ძალიან მიყვარს, ძირითადად, კლუბებში ვცეკვავ ხოლმე.

წყარო:fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები