ვინ არის ქართველი სპორტსმენი, რომელიც გიორგი დოინჯაშვილის სახელობის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა (ფოტოკოლაჟი)

6 ოქტომბერს, თბილისში უძლიერეს მამაკაცთა შორის (STRONGMAN) გიორგი დოინჯაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი, ევროპის თასის მესამე ეტაპის ეგიდით, გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მასპინძელი საქართველოს ნაკრებების ათლეტებმა მიიღეს. შეჯიბრი ორ წონით კატეგორიაში, 105 კგ და +105 კგ, ჩატარდა, რომლის აბსოლუტური გამარჯვებული ქართველი ძალოსანი ჭაბუკა ჭიღლაძე გახდა. გიორგი დოინჯაშვილის სახელობის ევროპის თასის გამარჯვებულს “კვირა +” ესაუბრა.

 გილოცავთ გამარჯვებას, როგორ შეაფასებთ ჩემპიონატს?
გმადლობთ. შეჯიბრი ევროპის მასშტაბით ჩატარდა, რომელსაც ერქვა ევროპის ღია თასი და დაღუპულ გიორგი დოიჯაშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა. ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა, საყურებლად ხალხიც იყო მოსული​. მე მგონი ყველა კმაყოფილი დარჩა საკმაოდ ძლიერ კონკურენციაში მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული.
ჩემი მწვრთნელი ნუგზარ დავითური კი ფიქრობს, რომ უფრო ძლიერი კონკურენციისთვისაც ვარ მზად.

 რამდენად რთული იყო მოსამზადებელი პერიოდი ?
მომზადება თითქმის 2 თვე გაგრძელდა და მომზადების პერიოდში ის წონები დავძლიე, რაც არასდროს ამიწევია. შეჯიბრზე გამოჩნდა კიდეც, დარბაზში აწეული წონების 60 პროცენტით გავხდი ალბათ ჩემპიონი.

რამდენად პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა გამარჯვებას და თასის საქართველოში დარჩენას ?
ეს შეჯიბრი იყო გიორგი დოიჯაშვილის სახელობის, რომელიც დაიღუპა და თასი ქართველს უნდა მოეგო, სხვა გზა არ იყო.

გიო იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავის სიცოცხლე ამ სპორტის სახეობას მიუძღვნა. ის იყო საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო ადამიანი, მორწმუნე და ძალიან კეთილი, ნამდვილი გოლიათი და სამაგალითო. ნაკრებში რომ მოვხვდი 19 წლის ვიყავი და გიო ჩემზე საკმაოდ დიდი იყო, მისგან ბევრი რამ ვისწავლე არა მხოლოდ სპორტში, არამედ ცხოვრებაშიც და ეს ადამიანი გამოაკლდა ჩვენს ნაკრებს. ეს თასი უბრალოდ აქ უნდა დარჩენილიყო. ამბობენ, რომ ეს შეჯიბრი კალენდრულ სახეს მიიღებს და სულ ჩატარდება და შევეცდები სანამ სპორტში ვმოღვაწეობ ღმერთის წყალობით გიორგის სახელობის თასი საქართველოში დავტოვო.

 შეჯიბრის შემდგომი გეგმები, სად გაემგზავრება გამარჯვებული?

მოწვევა მივიღე რიგაში, საკმაოდ რთულ და ნახევრად პროფესიონალურ შეჯიბრზე, საკმაოდ სოლიდური საპრიზო ფონდით, ვაპირებ გამგზავრებას.
მომზადებას რიგისთვის 26 ოქტომბრიდან დავიწყებ, ვიტამინების და საკვები დანამატების მაღაზია vitamini.ge ამჯერადაც მეხმარება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ამ შეჯიბრისთვის კვლავ ნუგზარ დავითური მომამზადებს და იმედი მაქვს, ჩემპიონის თასს უკვე საქართველოში ჩამოვიტან.

კომენტარები

სხვა სიახლეები