“ვერაფრით ვმალავ შიშს… ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს” – ვიკა ბუკია – კორონავირუსის მკურნალობაზე

ჟურნალისტი ვიკა ბუკია სამედიცინო დაწესებულებაში მეუღლესთან ერთად არის მოთავსებული, სადაც ისინი კორონავირუსს მკურნალობენ. როგორც ჟურნალისტი წერს, მასაც და თავის მეუღლესაც, ლევან გოგიჩაიშვილს ორივე ფილტვის ანთება აქვთ:

“ორივე ფილტვზე ანთება გვაქვს. და ხანდახსნ 39 მაქვს სიცხე. მაფრთხილებდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან გამიჭირდა ამ რეალობის მიღება.
პანიკას მაინც არ ავყვები. თავიდან პროტესტი მქონდა და უმწეობის განცდა. გამოვრთე ტელეფონი და გავითიშე. ყველაფერმა გამაღიზიანა უცებ. მაგრამ მერე ფიქრს იწყებ სხვებზე. რა დააშავეს ჩემი ოჯახის წევრებმა და იმათმა, ვისაც ცოტა მაინც ვეხმარები. ვიწყებ სიცხესთან ბრძოლას და აქ კაკუნს ერთდროულად. სიგიჟეა.

ვერაფრით  ვმალავ შიშს, 39-ს  რომ ვუყურებ თერმომეტრზე. და თან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, ამსიგრძე გოგოს ვერაფრით ვერ დამაგდებდა ეს ვირუსი. შეიძლება, მშობიარობის მერე ვერ მოვასწარი იმუნიტეტის აღდგენა და მიზეზიც ესაა. იმედი მაქვს, ეს ჩემი პიკია და წავალ უკეთესობისკენ.

ლევანსაც ანთება აქვს, მაგრამ სიცხე – უფრო დაბალი. ფრთხილად ვახველებ, თითქოს, მეშინია, ვინმე არ გავაღვიძო. ეს ჩემი პირველი ფილტვების ანთებაა. მახსოვს, ბებიაჩემს ჰქონდა ანთება. პატარა ვიყავი მაშინ. 80-ს გადაცილებული იყო და ყურს რომ ვადებდი მის მკერდს, მესმოდა ბამბის ნაყინის ხრაშუნის ხმა. ბებიამ მაგის მერე კიდევ დიდხანს იცოცხლა. მამასაც ჰქონდა. მამას დიაბეტი აქვს და ღვიძლზე მკურნალობს სერიოზულად. ჰოდა, ჰქონდა და გადაიტანა. ირინასაც ჰქონდა, ონაშვილს, სკოლაში რომ ვსწავლობდით. როცა ადგა, იმსიგრძე იყო, ყველას მოგვინდა ანთება. ჩავთვალე, ანთების ბრალი იყო, 2-მეტრიანი რომ გაიზარდა და არა – უშველებელი მამამისის გამო. ამიტომ, ვისაც ახლა მოხუცები, ქრონიკულები, ბავშვები გყავთ ინფიცირებული, ძალიან ნუ დაზაფრებით და ნუ ეძახით კორონას “სასიკვდილო ვირუსს”.

რა კარგად თქვა აქ ჩემმა ერთმა ფრენდმა: ეს არის არაჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც უნდა მივიღოთ ჩვენი ცხოვრების ჩვეულებად”, – წერს ბუკია.

კომენტარები

სხვა სიახლეები