„ეძებეთ იესოს ბეჭედი და მოეშვით ვაქცინებში, ბარათებსა და ტელეფონებში ეშმაკის ძებნას“ – დეკანოზი

დეკანოზი თამაზ ლომიძე უკანასკნელ პერიოდში არსებულ აქტუალურ საკითხებზე სტატუს აქვეყნებს, მათ შორისაა კორონავირუსის ვაქცინაციის თემა. დეკანოზის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემი აზრი ვაქცინაზე, ჩიპებზე, 5G-სა და ა.შ.

ჩიპები, ამპულები, შტრიხკოდები, ID ბარათები, ახლა უკვე 5G და, საბოლოოდ, მთლად დააგვირგვინეს. ვარაუდობენ, რომ ახლა გრიპის ვაქცინით შეიძლება, შეგვაპარონ რაღაც ეშმაკური ჩიპები, დაგვიმონონ და სულ დავიღუპებითო, ქადაგებს ზოგიერთი. ერთმა მღვდელმა ისიც თქვა, თუ სავალდებულო გახდება COVID 19-ის ვაქცინა, ჩემს მრევლს მოვუწოდებ, არავინ გაიკეთოსო. ხედავთ, სადამდე მიდის წმინდა წერილს დაშორებული თვითშემოქმედება და პანიკური ფანტაზიები? მაგ ლოგიკით თუ მსჯელობ, მამაო და ძმაო, იქნებ, უკვე საკვებში ან სასმელშია ეგ მიკროჩიპები და ყოველდღე „გჩიპავენ“ გემრიელი სადილის დროს? ან იქნებ შამპუნშია ან საპონში და ყოველდღე რომ იბან, ხელებიც, შუბლიც და მთელი სხეულიც სულ „დაჩიპული“ გაქვს უკვე? ან იქნებ წამლებში ჩაამატეს ეგ ნანოჩიპები და სულ უბრალო, გაციების წამლის მიღების დროს „დაჩიპეს“ შენი მრევლი და ტყუილად აღელვებ ხალხს. ხომ აბსურდამდე მივდივართ ასეთი განსჯით?

ქრისტიანობა კი გვასწავლის, რომ არის ერთი რამ ადამიანში, რაზედაც არა თუ ეშმაკსა და ანტიქრისტეს, თვით ღმერთსაც არ შეუძლია ძალადობა. ესაა ადამიანის თავისუფალი ნება. ნებას „თავისუფალი“ სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ადამიანის შექმნიდანვე მხოლოდ ადამიანს ეკუთვნის იგი, ვერც ღმერთი ძალადობს თავისუფალ არჩევანზე და, მით  უმეტეს, ეშმაკსა და რაიმე მატერიალურ ნივთს ხომ არავითარი უფლება და ძალა არა აქვს მასზე. ადამიანებს, რომელნიც, სამწუხაროდ, ისე აღიზარდნენ, რომ ჯერ ვერ იაზრებენ საკუთარ თავში პირადი არჩევნის, თავისუფალი ნების ანუ თვითუფლებრივობის უნარს, სრულიად უკუღმართად ესმით იოანეს გამოცხადების მე-13 თავი, სადაც ანტიქრისტეს ბეჭედზეა საუბარი. ანტიქრისტეს თაყვანისცემას არა იმიტომ დაიწყებენ ცდუნებულნი, რომ მის ბეჭედს მიიღებენ, არამედ პირიქით, რადგან მას აირჩევენ, უფლის მცნებებს დაივიწყებენ, ეშმაკის ცრუსასწაულებს დაემონებიან და ანტიქრისტეს ხატს დაუწყებენ თაყვანისცემას. სწორედ იმიტომ დაბეჭდავს მათ საკუთარი ნიშნით ბოროტი. ჯერ უფლის ღალატია და შემდეგ – ანტიქრისტეს ბეჭედი და არა პირიქით. ვერანაირი მატერიალური ბეჭედი ვერ გაგხდით მოღალატედ, თუ უმთავრესმა თქვენში – თქვენმა თავისუფალმა არჩევანმა არ აირჩია ეშმაკი ღმერთის მაგივრად.

ანტიქრისტეს აშკარად გამოჩენამდე ხალხის ცდუნებამდე და მათ დაბეჭდვამდე მხეცის ნიშნით, იოანე ხედავს ოთხ ანგელოზს, რომელთაც ოთხი ქარი ეპყრათ ხელში და ღმერთისგან უფლება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ დედამიწისთვის, რადგან ასეთი იქნება დასასრული. ამ დროს გაისმება უფლის ბრძანება მათ შესაკავებლად: „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს.“ (გამ. 7,3) ე.ი. მანამდე, სანამ ბოროტი დაბეჭდავს ადამიანებს ანტიქრისტეს ნიშნით, ჯერ ღმერთმა უნდა აღბეჭდოს მისი მონათა შუბლები საუფლო ნიშნით. ესაა მთავარი, ამაზე იფიქრეთ, მთელი ძალით ეძებეთ იესოს ბეჭედი თქვენი შუბლისთვის და მოეშვით ვაქცინებში, ბარათებსა და ტელეფონებში ეშმაკის ძებნას“, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები