ექიმი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა

ექიმმა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, ანი ქავთარაძემ გუშინ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დღეს დაგეგმილ აქციაზე წესები დაეცვათ – გაეკეთებინათ პირბადე და საიზოლაციო ფარები, ასევე ხშირად დაემუშავებინათ ხელები სადეზინფექციო ხსნარით.

“გამოიყენეთ ნიღაბი(წესის დაცვით!!) გამოიყენეთ საიზოლაციო ფარი(მხოლოდ ფარის გამოყენება არ ანაცვლებს ნიღბის გამოყენებას!!) დაიცავით დისტანცია!!! ხელები ხშირად დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით! გაითვალისწინეთ: დღეს, პასუხს აგებთ არამხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე!!! დღეს, გვაქვს სამედიცინო სისტემის კოლაფსი! დღეს, თქვენ წყვეტთ, ხდებით თუ არა ერთ-ერთი მონაწილე ვირუსის გადაცემათა გრძელ ჯაჭვში!!! დღეს თქვენ წყვეტთ, გაზრდით თუ არა მოთხოვნას ჰოსპიტალურ სექტორზე! და კი, ხმები არ უნდა მოგვპარონ! მაგრამ!!! ადამიანების სიცოცხლე უზენაესია და ძალიან გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარს და სხვისას! #ატარენიღაბი #ცხვირინიღაბში #კოვიდ19” – დაწერა ექიმმა.

თუმცა როგორც ექიმის მომდევნო პოსტიდან ირკვევა ამ სრულიად უწყინარ მოწოდებას რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას, საზოგადოების რისხვა მოჰყვა:

“კიდევ ერთხელ, მათთვის, ვინც ბოლომდე არ კითხულობს!!! ხმები დასაცავია,ხალხი გაბრაზებულია, აქცია დაანონსებულია, მაგრამ დაიცავით უსაფრთხოების ნორმები! რა გითხარით ასეთი, თავზე რომ გადამიარეთ?! არ არის ადგილები! უმართავი სიტუაციაა! ნუთუ რაიმე გაუგებარი დავწერე?! წადით ბატონო, მაგრამ ნუ იდგებით უნიღბოდ ან ცხვირებს ნუ ამოყრით და ნუ ჩაეხუტებით ერთმანეთს! დაიცავით დისტანცია! რა ვთქვი ისეთი, რომ ამდენი შეურაცხყოფა მომაყენეთ! რაც პანდემია დაიწყო, მას მერე ამის მეტზე არაფერზე მილაპარაკია მგონი. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის რა სჭირს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და ნამდვილად არ მინდა, იქ მისული ჩემი მეგობრები ან მათი ოჯახის წევრები, სასწრაფოს და საწოლის მომლოდინეთა რიცხვში ვიხილო! არავისთვის მომიწოდებია, ხმა და მომავალი არ დაიცვათთქო და სანამ ვინმეს ასე, უშვერად გალანძღავთ, იქნებ მოგეკითხათ, ვინ არის ან მინიმუმ, სტატუსი ჩაგეკითხათ, ბოლომდე!!! ადეკვატურობას ნუ დაკარგავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას”, – წერს ექიმი.

კომენტარები

სხვა სიახლეები