ეს ბედნიერების სიმბოლო კი არა “ანტიქრისტეს თვალია” – როგორ პასუხობს ძეგლის ავტორი კრიტიკას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ ბედნიერების ძეგლის დადგმის შემდეგ, სოციალურ ქსელებში ძეგლის დიზაინის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება.
საზოგადოების ნაწილს სკულპტურა მოსწონს, ნაწილი იწუნებს, ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებლმა კი ძეგლს, რომლის შემქმნელი ლევან ვარდოსანიძე, იდეის ავტორი კი პროფესორი არსენ გვენეტაძეა, “ანტიქრისტეს თვალიც” კი უწოდა.
“ეს ბედნიერების ძეგლი კი არა, ანტიქრისტეს თვალია!
მთელი უვიცი ქვეყანა ჭყლოპინებს და ხარობს, თბილისში, სამედიცინო უნივერსიტეტის წინ, “ბედნიერების” მონუმენტი (არქიტექტორი ლევან ვარდოსანიძე, იდეის ავტორი კი – სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი არსენ გვენეტაძე) დადგესო!
ახლა ნახეთ, ამერიკულ ერთდოლარიანზე (დევიზით: “ჩვენი ბრძოლა. ახალი მსოფლიო წესრიგი”) ,,თავისუფალ მასონთა” პირამიდის წვერი – ანუ მთავარი მასონური სიმბოლოა!
როგორც იტყვიან, გაჭრილი ვაშლივითაა!
ასე რომ, თბილისში, “ბედნიერების” კი არა, მასონური ,,ყოვლისმხედველი თვალის” მონუმენტი დაგვიდგეს!
ბარემ, სატანის ძეგლიც დაგედგათ!
მოაშორეთ, ეს სიბილწე!
ქართულ ეკლესიას მივმართავ, სასწრაფოდ გააკეთოს განცხადება! გაიზიარეთ და გააზიარეთ!”, – წერს გიორგი გიგაური “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
როგორ დაიბადა ძეგლის შექმნის იდეა და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მის დიზაინს, ამ კითხვებით “კვირა +” -მა ძეგლის შექმნის იდეის ავტორს, პროფესორ არსენ გვენეტაძეს მიმართა.
“მე დავამარცხე სიმსივნე, ამან ბევრი რამე მასწავლა, რაღაცებზე დამაფიქრა და სხვა კუთხით გამააზრებინა ესა თუ ის მოვლენა. ძალიან მიყვარს სიცოცხლე. ბატონ ლევან ვარდოსანიძეს გავუზიარე, რომ მსურდა სიმბოლურად გამომეხატა ეს რაიმე ფორმით და შეიქმნა ასეთი ესკიზი, რომელიც უკვე ძეგლია და დგას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წინ. ხუთ ფერში შეღებილი რკალები, რაც ხუთ კონტინენტს ნიშნავს. ძეგლის თავზე გამოსახული წიგნი განათლებას, თავზე კი სკულპტურას დიდი მზის ფიგურა ადგას – ეს ყველაფერი ერთიანობაში ბედნიერების სიმბოლოს ქმნის. რაც შეეხება მოქალაქეების შეფასებებს, მე მგონია, რომ ყველას თავისებური აღქმა აქვს და ამაზე არ უნდა გავბრაზდეთ, ზოგი ისე ხედავს, ზოგი ასე”, -აღნიშნა არსენ გვენეტაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები