„ელემენტის მჟავამ ორ საათში ბავშვის საყლაპავისა და ფილტვის დაწვა მოასწრო“ – სათამაშოების ყველაზე სახიფათო დეტალი, რომლის შესახებაც მშობლებს საგანგებოდ აფრთხილებენ

ნებისმიერი ბავშვის სათამაშოებში იპოვით ისეთს, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ძირითადად ეს ცილინდრული ფორმის მოზრდილი ელემენტებია, თუმცა ბევრი სათამაშო მცირე ზომის, წამლის აბის მსგავს ბრტყელ ელემენტებს შეიცავს. სათამაშოს ეს დეტალი ყველაზე სახიფათოდ არის აღიარებული.

მბზინავი, ვერცხლისფერი, მონეტის ზომის ბატარეები ძალიან მიმზიდველია ბავშვებისთვის, რადგან ისინი კანფეტს ახსენებენ. მაგრამ თუ ასეთი “კანფეტი” გადაყლაპეს, შედეგები კატასტროფულია. დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად საშუალოდ ორი ბავშვი იღუპება ბრტყელი ელემენტების გადაყლაპვის გამო, იუწყება BBC.

როდესაც ასეთი ელემენტრი სხეულში ხვდება, ის რეაქციაში შედის შინაგან სითხეებთან და კაუსტიკური ქიმიკატების გამოყოფას იწყებს. ამიტომ, თუ ბავშვი ასეთ “აბს” გადაყლაპავს, ყოველი წუთი გადამწყვეტია.

მაგალითად, სოფი სკილმა, როდესაც ორი წლის იყო, ასეთი ელემენტი გადაყლაპა. იმ 2 საათის განმავლობაში, სანამ გოგონას საოპერაციო მაგიდაზე დააწვენდნენ, ელემენტიდან გამოთავისუფლებულმა მჟავამ საყლაპავისა და ფილტვის დაწვა მოასწრო. ექიმებმა გოგონას სიცოცხლის გადარჩენა სასწაულებრივად შეძლეს. ოპერაციის შემდეგ სოფიმ რამდენიმე დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გაატარა.

ამიტომ, ექსპერტები მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს სთხოვენ, სიფრთხილის შემდეგი ზომები მიიღონ:

დარწმუნდით, რომ ბავშვს არ შეუძლია გახსნას სათამაშოს ბატარეის განყოფილების საკეტი.
დისტანციური მართვის პულტი, LED სანათები და ა.შ. ბავშვებისგან შორს შეინახეთ — ამ მოწყობილობებს ჩვეულებრივ არ აქვთ ჩაკეტილი ბატარეის განყოფილებები.
შეინახეთ სათადარიგო და გამოყენებული ბატარეები ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მცირედი ეჭვის შემთხვევაში, რომ ბავშვმა შესაძლოა ბატარეა გადაყლაპა, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. სჯობს დარწმუნდეთ, რომ ცდებით, ვიდრე ბავშვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები