„დაკვლევა-გარიგება, დაწინდვა“ – როგორი იყო საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში

ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი, როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.

ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.

დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული: კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია? თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია. აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა. ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და, შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.

ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.

ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.

ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.

საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “მაყრული’”. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაც. თამაშდებოდა პატარძლის დამალვა, ვაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნა, შემდეგ გამოსყიდვა. სიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევა, ნეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდა, ვაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთია, ხის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსად, რაც აყვავებას გულისხმობდა. სასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეში. მრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც. მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.

პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.

იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას. ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.

მამუკა გიგანი

კომენტარები

სხვა სიახლეები