გურამ როგავამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა

ჟურნალისტმა გურამ როგავამ ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.

“გადაუჭარბებლად ვამბობ, 13 ივლისი იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე ჩემს პროფესიულ საქმიანობაში.

დავტოვე სამსახური, რომელიც მშობლიური სახლივით შემიყვარდა, დავტოვე ადამიანები, ვინც ჩემი ახალი ოჯახის წევრებად იქცნენ.

თითქმის 4 წელი ვიყავი “იმედში” და ამ ტელევიზიაში გატარებული ყოველი დღე მეამაყება, დღევანდელის ჩათვლით. ამაყი ვარ, რომ ამ 4 წლის განმავლობაში ღირსეული ადამიანების გარემოცვაში ვმუშაობდი, ვცხოვრობდი.

დღეს ნივთებს რომ ვალაგებდი, მივხვდი, უჯრასთან ერთად მეც ვცარიელდებოდი, მაგრამ ზოგჯერ ალბათ საჭიროა ასეთი დაცარიელება, ან ძველი ნივთების ახალ უჯრაში გადალაგება. რატომღაც ჩავთვალე, რომ ახლა ახალი გამოწვევების დროა.

რაღაც ეტაპზე ყველას გვჭირდება ცვლილება, ახლის გამოცდა. ხშირად ამ გადაწყვეტილებას იმპულსურად ვიღებთ, ზოგჯერ დიდი ფიქრის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, მუდმივად განსხვავებულის ძიებაში ვართ, მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდებით. ჰოდა, ახლა ჩემთანაც დადგა ეს პერიოდი, როცა ახლიდან უნდა ვცადო “რუბიკის კუბიკის” აწყობა.

“იმედმა” შემძინა ყველაზე ძვირფასი რამ, ღირსეული ადამიანები. ჩვენ, ერთად ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ უსამართლობას არასდროს შევგუებივართ. “იმედის” ნიუსრუმში ბევრი პროფესიონალი და პრინციპული ჟურნალისტი მუშაობს. ეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობაა, მათი მთავარი ღირებულება კი თავისუფლებაა და ამიტომაც გამორჩეულად მიყვარს “ქრონიკა”.

ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა ჟურნალისტიკაში დარჩენა კი არა, საერთოდ ცხოვრების გაგრძელებაც კი არ მინდოდა, მაგრამ ამ ადამიანებმა გამომიყვანეს ბნელი ოთახიდან, მითხრეს, რომ შემეძლო მათ დავყრდნობოდი, როცა ფეხზე დგომა მიჭირდა. ამიტომაც ვამბობ, ეს მარტო სამსახური არ იყო, ჩემი სახლი იყო და მომავალშიც იქნება, მიუხედავად იმისა, რომ წამოვედი.

მადლობა ყველას, ვინც მთელი ეს წლები მემეგობრა, ამიტანა, მიმიღო ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებებით. თქვენ ჩემს უჯრაში განსაკუთრებული ადგილი გაქვთ, სათითაოდ არ მოგნიშნავთ.

…და წარმატებები საინფორმაციო სამსახურის ახალ ხელმძღვანელებს, პროფესიონალებს. მინდა, “ქრონიკა” უფრო გაძლიერდეს. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და ჩვენი ოჯახის წევრად“, – წერს გურამ როგავა.

კომენტარები

სხვა სიახლეები