“გარდაიცვალა, სამწუხაროდ, რამდენიმე საათის წინ… ყველა წინა სიხარული წაიშალა და გაქრა” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე 17 წლის ბიჭის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:

„ამ ბოლო დროს უცნაურად კარგი გზავნილები მივიღე. უცნაურად იმიტომ, რომ თემა, რომელსაც წერილები ეხებოდა, დიდწილად შიშსა და ცუდ მოლოდინს გულისხმობს. ბოლო კვირაში კი ათამდე ადამიანმა მომწერა: „ნინომ სიმსივნე დაამარცხა”, „ნიკას ზურგის ტვინი წარმატებით გადავუნერგეთ”, „ნათია გაივლის”, „ლელა გახსოვთ? ზაფხულში რომ უიმედოდ ვიყავით, ავსტრიელმა ექიმებმა მეორედ გაგვიჩინეს”.

საქმე ის არის, რომ აქ ჩემი წვლილი მცირეზე მცირეა, უბრალოდ, როგორც ვალდებული მოქალაქე, მიმართვებს ვწერ და პაციენტის გულშემატკივრები ავრცელებენ. გუშინაც, კარგი განწყობითა და უკვე დაჯერებული ოპტიმიზმით, მორიგი გავგზავნე. ადრესატმა მთელი დღე არ ნახა. გვიან შევახსენე და მომწერა: ,,გარდაიცვალა, სამწუხაროდ, რამდენიმე საათის წინ”. ახლა ვზივარ და რატომღაც იმ მიმართვას ვუყურებ. ჩემთვის, გამეორებით და გაუზარებლად. ვიდეოს, რომელიც 17 წლის ჯერაც ცოცხალი ადამიანისთვის ჩავწერე.

ვუყურებ და ისე უმწეო და თანაც გამაღიზიანებელია ეს ჩემი თავდაჯერებულობა, ვიცი, უსამართლოდ, მაგრამ ყველა წინა სიხარული წაიშალა და გაქრა”, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები