ბიორკი სკანდალურ განცხადებას აკეთებს

ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს თბილისში კონცერტს ჩაატარებს, სკანდალური განცხადება გააკეთა. ის ბოლო პერიოდში ჰოლივუდში პროდიუსერების მხილების თემას გამოეხმაურა და საკუთარ მაგალითზე ისაუბრა. ბიორკმა თავის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც აღიარა, რომ თავადაც იყო დანიელი რეჟისორის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. ბიორკი რეჟისორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, როგორც ცნობილია, ერთადერთი დანიელი რეჟისორი, რომელთანაც ბიორკს უმუშავია, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ხელოვანი ლარს ფონ ტრიერია.
„მე მივხვდი, რეჟისორი თვლის, რომ აქვს უფლება თავის მსახიობებს შეეხოს და უტიფრად მოექცეს მაშინ, როცა მოესურვება და კინემატოგრაფიის სამყარო ამის გაკეთების უფლებას აძლევს. როდესაც მე ამ რეჟისორს რამდენიმეჯერ უარი ვუთხარი, მას ეწყინა და დამსაჯა. ასევე, გადამღები ჯგუფის წინაშე გამომაჩინა, როგორც პრობლემური მსახიობი “, -განაცხადა ბიორკმა.
ისლანდიელმა ბიორკმა ტრიერის 2000 წლის ფილმში – „ღამეში მოცეკვავე“ ითამაშა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე, ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და რეჟისორმა იჩხუბეს, თუმცა მიზეზი არ სახელდებოდა. შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ, კარა დელევინმა, ლეა სეიდუმ და სხვა ცნობილმა მსახიობებმა პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები