ბექა ხოფერიასა ინა ოსიპოვას სიყვარულის ამბავი – „აეროპორტში დავხვდი ჩუმად“ (ფოტოკოლაჟი)

ახლახან ყოფილი პარლამენტარის, ხათუნა ხოფერიას ვაჟმა მეორე ოჯახი შექმნა.

ბექა ხოფერია უკვე დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს და განათლების მიღებასა და სამსახურს ერთმანეთს უთავსებს. შეგახსენებთ, რომ პირველი ცოლისგან, თიკა ჯამბურიასგან ბექას პატარა, უსაყვარლესი გოგონა, ნინა ჰყავს.
ბექამ ნახევრად ასირიელი გოგონა, ინა ოსიპოვა თბილისში გაიცნო. 7 თვის ურთიერთობის შემდეგ წვილმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტა. წინა კვირას ბექამ და ინამ ხელი საქართველოში მოაწერეს და მოსკოვში გაფრინდნენ. იმის გამო, რომ სულ 5 დღე დაჰყვეს საქართველოში, ინტერვიუსთვის შეხვედრა ვერ მოვასწარით. ამიტომ ბექას ინტერნეტით დავუკავშირდით და მათი სიყვარულის ისტორიის მოყოლა სწორედ ამ გზით ვთხოვეთ.
– ბექა, პირველ რიგში, თქვენი გაცნობის ისტორია მინდა მიამბო. სად და რა ვითარებაში შეხვდით ერთმანეთს?
– ერთმანეთი მეგობრის წვეულებაზე გავიცანით, თბილისში. ჯერ მხოლოდ შვიდი თვეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
– ინა საქართველოში ცხოვრობს?
– იმ პერიოდში თბილისში ცხოვრობდა. მერე მოსკოვში გადმოვიდა.
– შენ ხომ არ გამოგყვა?
– არა, მე არ გამომყვა, ინას ძმა ცხოვრობს მოსკოვში და მასთან ჩამოვიდა.
– რით მიიქცია შენი ყურადღება? როგორ დაახლოვდით?
– პირველ რიგში ვიზუალურად მომეწონა. დამეთანხმები, რომ დასაწუნი არაფერი აქვს. მერე, მოსკოვში რომ წავედი, ინტერნეტის საშუალებით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ერთი თვის შემდეგ ინაც ჩამოვიდა. გასაკვირი ის იყო, რომ ამხელა მოსკოვში მე და ინა მეზობლები აღმოვჩნდით. დღემდე ვამბობთ, რომ უფალს უნდოდა ახლოს ვყოფილიყავით ერთმანეთთან.
– როგორ, ერთ კორპუსში ცხოვრობდით?
– არა, ერთ ქუჩაზე, მაგრამ, მოსკოვი თბილისზე დასხლოებით 20 ჯერ დიდია.
და იშვიათად ხდება ასეთი დამთხვევა. ამანაც ძალიან შეგვიწყო ხელი დაახლოვებაში.
– იცოდი, ინა რომ მოსკოვში იყო, თუ როგორც მეზობლები ისე შეხვდით ერთმანეთს, შემთხვევით?
– არა, რა თქმა უნდა, ვიცოდი… ძალიან აქტიური მიმოწერა გვქონდა… აეროპორტშიც კი დავხვდი, ჩუმად.
– ჩუმად რატომ?
– არ იცოდა, სიურპრიზი მოვუწყვე.
– სიყვარულში როგორ გამოუტყდი?
– ამას ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ, რომ არ მოგატყუოთ, გრძნობა პირველივე დღიდან მქონდა.
– როგორ გაუმხილე ეს, რაიმე რომანტიკული მოიფიქრე, თუ ინტერნეტით აუხსენი ყველაფერი?
– ერთ-ერთი შეხვედრის დროს ვუთხარი.
– რა უინტერესოდ მოყევი. გაგეფორმებინა მაინც.
– (იცინის) როგორც იყო, ისე გითხარი.
– მალე მოიგე მისი გული?
– ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ ბევრი ვეცადე.
– ინაზე მომიყევი, როგორი გოგოა, რა ინტერესები აქვს, რამდენი წლის, რა პროფესიის არის? მასზე ბევრი არაფერი ვიცით.
– ძალიან თბილი ადამიანია, ტრადიციულად აღზრდილი. 24 წლის არის. აგვისტოში 25-ის გახდება და დამეწევა ასაკით. უცხო ენების სპეციალისტია. ინტერესი ბევრი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად ამ პერიოდში მზარეულობა იზიდავს. სხვადასხვა ქვეყნის კერძებს ამზადებს და ძალიან კარგად გამოსდის. მეც აქტიურად ვეხმარები.
– ე.ი. გამორიცხული არ არის, უახლოვეს მომავალში წონაშიც მოიმატო?
– უკვე მოვიმატე (იცინის)
– ახლა მუშაობს ინა თუ შენი განებივრებით არის დაკავებული?
– არა, დროებით უმუშევარია.
– მისი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენი სიყვარულის ამბავს?
– კარგად. ალბათ, არც ერთი მშობელი არ გააპროტესტებს წყვილის ურთიერთობას, თუ მათ ნამდვილად უყვართ ერთმანეთი… ძალიან თბილი, ტრადიციული და ძლიერი ოჯახია!!!
– ხელის თხოვნა ან სხვა მსგავსი ცერემონიალი იყო?
– პირველად, ინას მამას, გოდერძი ბიძიას ვესაუბრე ტელეფონით. მითხრა, რომ რამდენიმე დღეში უწევდა მოსკოვში ჩამოსვლა საქმეზე. მერე მათთან დაჩაზე დამპატიჟეს და იქ ვთხოვე ინას ხელი, ტრადიციულად.
– ხომ არ ღელავდი, სანამ ინას მშობლებს გაიცნობდი?
– ძალიან ვღელავდი, მაგრამ ძალიან თბილად მიმიღეს და მერე დავმშვიდდი. დავგეგმეთ ნიშნობა და, როგორც იცით, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
– დედას როდის გააცანი ინა? როგორც ვიცი, ძალიან მოეწონა.
– რომ ჩამოვფრინდით… კი ნამდვილად ძალიან მოეწონა და ბედნიერია… სულ ეუბნება ინას, შვილს გაბარებ, მიმიხედეო.
– ბექა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, თიკასთან დაშვებულ შეცდომებს ინასთან არ გავიმეორებო, რას გულისხმობდი?
– ამ შეკითხვას გადავახტეთ რაა.
– კარგი… ინასთან ურთიერთობის პირველ ეტაპზე, ხომ არ ყოფილა პრობლემა ის, რომ შენ მანამდე ცოლი გყავდა? თუ ისაუბრეთ ამ თემაზე?
– რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. მე შვილი მყავს, ჩემი უსაყვარლესი ნინა და ამ ყველაფერს გაგებით და ადამიანურად მიუდგა… პრობლემა ნამდვილად არ გვქონია.
– ნინა გააცანი ინას?
– გადავახტეთ ამასაც…
– გადავახტეთ… კარგი ვარჯიში კი გამოგვდის… ჯვრისწერაზე მიამბე…
– ჯვარი არ დაგვიწერია, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებთ ჯვრისწერას და ქორწილს… ჯერ, უბრალოდ, ხელი მოვაწერეთ.
– ბექა, მოსკოვში აპირებთ ცხოვრებას?
– დიახ, დაახლოებით ხუთი წელი მოგვიწევს მოსკოვში ცხოვრება. ახლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაბარებ, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტზე, უკვე მეორედ.
– მეორედ რატომ?
– პირველი კინორეჟისურა მაქვს დამთავრებული, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი თავი ამ დარგში ვერ ვიპოვე. პოლიტიკა მიტაცებს.
– მანდ რას საქმიანობ?
– მე და ინა მოსკოვში ვგეგმავთ ერთობლივ პატარა ბიზნესს. მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ თემებს ემსახურება, კერძოდ, ქართველებს და კონფლიქტურ ზონას აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.
– ინას სად ურჩევნია ცხოვრება?
– ალბათ, იქ, სადაც ერთად ვიქნებით. მისი სამშობლო საქართველოა, მაგრამ მოსკოვში გაიზარდა.
– ბექა, გკითხავ რაა და ამ შეკითხვასაც არ გადაახტე. თიკამ მოგილოცა?
– არა, არ მკითხო, გთხოვ.
– მაშინ ასე დავსვამ კითხვას, თიკა რომ გათხოვილიყო, შენ მიულოცავდი?
– ამას ხომ წინა კითხვა ჯობდა (იცინის). მაპატიე, თიკაზე ლაპარაკი არ მინდა.
– და ბოლო კითხვა… თბილისში პრესისთვის არ მიგიციათ ინტერვიუ. რატომ?
– იმიტომ, რომ დაახლოვებით 5 დღე გვქონდა ნიშნობის მოსამზადებლად და მართლა 15 წუთი დრო არ გვქონდა.
– ისღა დამრჩენია, ბედნიერება გისურვოთ.
– დიდი მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმ ტაიმი“

17652_360896044115901_4615555519377541790_n 10338255_477232589096779_2271537585555154593_n 10405348_361492600722912_1159395242771644433_n 11223864_861872817193599_8708777458809954910_n 11358726_371866059682898_680183971_n 11401156_361943474011158_7323750179778939501_n

 

კომენტარები

სხვა სიახლეები