„ბებო უსახლკარო აღარ არის – ამბობს, ნამდვილ ადამიანად პირველად ვიგრძენი თავიო“

საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელმა აკა სინჯიკაშვილმა ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენილი მოხუცი ქალბატონი იპოვა. რამდენიმე დღის შემდეგ კეთილი ადამიანების დახმარებით საკმარისი თანხა შეგროვდა. დღეიდან ქალბატონს საკუთარი სახლი ექნება. ამის შესახებ აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საღამოს კარგი ამბები – ბებო უსახლკარო აღარ არის. თავისი სახლი აქვს და ექნება იქამდე, სანამ არ მობეზრდება. სპეციალურად შევურჩიეთ მოხერხებულ ადგილას, რომ ადვილად იაროს თავის ეკლესიაში. არ გადაიხდის გადასახადებს, ექნება საჭმელი და წამლები სულ, მივიყვანთ ექიმთან და ვუმკურნალებთ. აქვს ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ყველა საოჯახო ნივთი. აღარ ექნება წამლებისთვის აღებული საპენსიო დავალიანება. უკვე მისამართი აქვს და შეგვიძლია სახელმწიფოსაც მივმართოთ დახმარებისთვის. მადლობას გიხდით, ტირის და შვილებს გვეძახის. ბებო დაკარგული არ არის, უბრალოდ ოჯახის წევრები აღარ ჰყავს. საერთოდ არავინ დარჩა. მაგრამ მარტო არ არის, შეხედეთ რამდენი ვყავართ. ამბობს, ნამდვილ ადამიანად პირველად ვიგრძენი თავიო გესმით? ვინმეს თუ ნახვა მოგინდეთ, მისამართისთვის დამირეკეთ მობილურზე, ნომერი ინფოში მიწერია“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები