ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინი დაიბადა – საოცარი კადრები (ვიდეო)

ბათუმის დელფინარიუმში, ერთი კვირის შუალედში, სხვადასხვა აუზში, 2 დელფინი დაიბადა. ინფორმაციას და შესაბამის კადრებს ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უნიკალურ კადრებზე დელფინის დაბადებაა აღბეჭდილი. იგი ბათუმის დელფინარიუმის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანა ჩულკოვამ გადაიღო.

„დილით ჩვეულებისამებრ შემოვლაზე ვიყავით, აუზები დავათვალიერეთ, ბინადრები მოვინახულეთ, ღამის მომვლელისგან ბოლო ინფორმაცია მივიღეთ. ველოდებოდით, რომ პატარა დღე-დღეზე უნდა დაბადებულიყო, ამიტომაც ორსული ციცი დაკვირვების 24-საათიან რეჟიმში იმყოფებოდა. მოლოდინში ვიყავით და ამიტომაც ტელეფონი თან გვქონდა ხოლმე. მშობიარობა საათზე მეტხანს გაგრძელდა, დავინახე როგორ გაიზნიქა ციცი რამდენჯერმე, მივხვდი, რომ მშობიარობა დაეწყო. ეს კადრები 09:40 წუთზე გადავიღე. როცა პატარა დავინახე, სიხარულისაგან ცრემლები ვერ შევიკავე“, – ყვება ანა.

“ჩვეულებისამებრ, პატარა იბადება კუდით წინ, რაც მათ სხვა ძუძუმწოვართაგან განასხვავებს. კადრებზე ჩანს, დაბადებიდან რამდენიმე წამში დედა დელფინმა, სახელად ციციმ, შვილი წყლის ზედაპირზე ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის ამოაცურა. ამის შემდეგ კი, პატარა დედის მეთვალყურეობის ქვეშ, აუზში ცურვას იწყებს. პერიოდულად, ჰაერის მორიგი ჩასუნთქვისთვის, წყლის ზედაპირზე ამოდიან. დაბადებიდან რამდენიმე წუთში, დედა დელფინმა შვილი რძით გამოკვება. ძუძუთი კვება და ასევე წყალქვეშ ორიენტირების სწავლის პროცესი, რამდენიმე წელი გაგრძელდება.

ორსულ ციცის აუზის სხვა ბინადრებიც გულშემატკივრობდნენ. პატარას ყურადღებიანი დეიდები და ბიძები ყავს.

პატარა დედასთან ერთად შოუს აუზში იმყოფება. წარმოდგენის მიმდინარეობისას, მათი პერიოდული გამოჩენა მაყურებელთა აღუწერელ ემოციას იწვევს”, -აცხადებენ ბათუმის დელფინარიუმში.

კომენტარები

სხვა სიახლეები