“ახლა შეგვიძლია, რომ ხელოვანს ბოდიში მოვუხადოთ დევნისთვის და სამშობლოდან გაძევებისთვის” – ზურაბ რთველიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

რამდენიმე კვირის წინ პოეტს, ზურაბ რთველიაშვილს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. როგორც პოლიტიკოსი ლევან ლორთქიფანიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს ოჯახს როგორც ფინანსური ასევე მორალური მხარდაჭერა სჭირდება.
“დღეს ერთ შესანიშნავ, გულისხმიერ ადამიანს დავურეკე. ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა მისი უძვირფასესი ახლობელი. მინდოდა ერთი-ორი სანუგეშო სიტყვა მეთქვა და მეკითხა – რამით ხომ არ შემიძლია თქვენი დახმარება?
ჩვენ რომ გაგვიჭირდა, ის სამსახურში მომადგა და კართან დამიტოვა მთელი შეკვრა ძვირადღირებული და ძნელად საშოვნელი წამალი… არაფერი მითხოვია, თავად მოიწადინა.
დავურეკე, მოვიკითხე, გამოვხატე გვერდით დგომის მზაობა, ჩემი პატივისცემა… თან ცოტა შემეშინდა, ამეკვიატა უაზრო ფიქრი – რაიმე განსაკუთრებული რომ დასჭირდეს ჩემგან, შესრულება რომ ვერ შევძლო, რა მეშველება-მეთქი. მე ვის უნდა დავეხმარო, ჩემი თავისთვის ვერ მომივლია წესიერად…
ქ-ნმა ელენემ ერთადერთი რამ მთხოვა – ლევან, ილოცე ზურასთვის, შენმა დებმაც და სხვა კარგმა ადამიანებმაც ილოცონ. ყურმილი გულგანგმირულმა, ყელში ბურთგაჩხერილმა დავკიდე. იმედია, შევძლებ მისი სურვილის ასრულებას…
შესანიშნავი ქართველი პოეტი და მამაცი მოქალაქე, ბ-ნი ზურაბ რთველიაშვილი ძლიერ ავად არის, სიცოცხლისთვის იბრძვის და ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება.
ახლა შეგვიძლია, რომ მას მადლობა გადავუხადოთ წინააღმდეგობისთვის, რომელიც პოეტმა ყველაზე ბნელ და სასტიკ დროს გაუწია ნეოლიბერალურ ავტორიტარიზმს.
ახლა შეგვიძლია, რომ მას მადლობა გადავუხადოთ მერაბიშვილის “ცუდად გადმოთარგმნილ ბერიად” მოხსენიებისთვის და სანდრო გირგვლიანის, ჩვენი ხალხის ღირსების ბოლომდე დაცვისთვის.
ახლა შეგვიძლია, რომ ხელოვანს ბოდიში მოვუხადოთ ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან მისი დევნისთვის, სამშობლოდან გაძევებისთვის.
მას კარგად არ ვიცნობ… მხოლოდ ერთხელ ვუთხარი, რომ მისი “მცირე პოეტური ონტოლოგია” ძალიან მხიბლავს. მგონი, ასე მთავრება:
კულტურა არის ზღვა!
ფსკერზე ზვიგენი თვლემსსს
(თვლემსსს)
(თვლემსსს)
(თვლემსსს)
ის ზვიგენი გამოსაფხიზლებელია-მეთქი. ჭკვიანი ბიჭი ხარო :))))))))))
_____
GE46BG0000000161695587 – საქართველოს ბანკი
GE18TB7722245161600002 – თიბისი ლარი
GE77TB7722236110100006 – თიბისი $”

კომენტარები

სხვა სიახლეები