“ეს ზიანი ოკუპაციის ტოლ-სწორადაც შეიძლება ჩაითვალოს” – რას წერს რამაზ გიგაური საბანკო სისტემის შესახებ

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ საბანკო სისტემის ჩამოშლა ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა და ეს ზიანი  ოკუპაციის ტოლ-სწორადაც შეიძლება ჩაითვალოს.
“ამ რამდენიმე წლის წინ, ერთ უკრაინელი ასტროლოგისთვის, რომელმაც ინდურ ასტროლოგიაში რაღაც დეტალები ამიხსნა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ფული გადამეგზავნა. მას მართლა არაფერი უთხოვია. უბრალოდ მე მინდოდა, რომ ჩემი მხრიდან მეც გამეღო რაღაც სანაცვლოდ. მივწერე ამის შესახებ, თუ შეიძლება თქვენი საბანკო რეკვიზიტები მომწერეთ, რაღაც თანხას გადმოგიგზავნით-მეთქი (ეს თანხა ცხადია არ იყო დიდი).
ამ ადამიანმა მომწერა, „აქ საბანკო სისტემა აღარ არსებობს. თქვენ თანხას ფიზიკურად ვერ გადმომიგზავნით. აქ ოკუპაციაა. ამიტომ გაუკეთეთ ეს სიკეთე სხვა ადამიანს“.
შევძრწუნდი, როდესაც გავაცნობიერე, რომ ყირიმში, სადაც ეს ადამიანი ცხოვრობდა, რა ხდებოდა. მისი სიტყვები გაცილებით მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე ის ინფორმაცია, რასაც ვიღებდი რუსეთ-უკრაინას ომის შესახებ.
და რა მინდა ვთქვა, საცოდავია ის ქვეყანა, სადაც ბანკი კლიენტების დასაცავი გახდება.
მე თიბისის ერთ-ერთი რიგითი კლიენტი ვარ, მაგრამ თუ რამეში დაგჭირდებით, მიგულეთ თქვენს გვერდით.
ეს იმიტომ, რომ საბანკო სისტემის ჩამოშლა ქვეყნის დაღუპვაა. ფაქტობრივად ოკუპაციის ტოლ-სწორია.
P.S. ვინც დამიწერს, რომ ხაზარაძეს არაფერი სჭირს ჩემი დასაცავი, ჩავთვლი, რომ ან მე ვერ გადმოვეცი რაც ჩემს ქვეყანასთან მიმართებაში მინდოდა მეთქვა ან ამ ადამიანს აქვს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანასთან დაკავშირებით პრობლემა.” -წერს რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები