“არ მინდა, ჩემმა შვილმა ცხოველის ფოტო გამოდოს ფეისბუქში და გლოვა გამოცხადოს, როცა ოჯახებმა შვილები დაკარგეს”

სალომე გოგიაშვილი მრავალშვილიანი დედაა. იქიდან გამომდინარე, რომ მის სახლში 13 წლამდე ასაკის სამი ბავში იზრდება, გადავწყვიტეთ, მიმდინარე ამბებზე სწორედ მასთან ჩაგვეწერა ინტერვიუ. როგორ აღიქვეს ბავშვებმა სტიქია და ზოოპარკის ტრაგედია…

– სტიქიის შესახებ დილით გავიგე… საღამოს რომ გაწვიმდა, არ მეგონა, თუ ამას რაიმე უბედურება შეიძლებოდა გამოეწვია, კი წვიმდა ძლიერად და ხანგრძლივად, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. დილით კი სოციალურ ქსელში და ტელევიზორში საშინელება დამხვდა, მეგონა, მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებდი და ეს ჩვენთან არ ხდებოდა. ვერე ჩემს წარმოდგენაში იყო ერთი უწყინარი მდინარე და ვერ ვიფიქრებდი, რომ ამხელა ტრაგედიის სათავე შიეძლებოდა გამხდარიყო. სხვათა შორის, ამას წინათ დამისვეს კითხვა, იცი, თბილისში რამდენი მდინარეაო? მე მხოლოდ ორი ვიცოდი, ვერე და მტკვარი, თურმე 60 მდინარე გადის თბილისში, ფაქტობრივად, წყალზე ვდგავართ.

– ბავშვებმა რა ვითარებაში გაიგეს მომხდარის შესახებ? როგორ მოახერხე ისე მიგეტანა მათთან ეს ამბავი, რომ არ დასტრესილიყვნენ? ხომ არ ცდილობდი ნეგატიური ინფრომაციის გადმოცემის დროს, ტელევიზორიდან შორს ყოფილიყვნენ და არ მოესმინათ ასეთი ამბები?
– სიმართლე გითხრა, არ გამიყვანია ოთახიდან ნეგატიური ინფორმაციის გაჟღერების დროს, არ მიმითითებია, რომ არ ეყურებინათ. უბრალოდ, როცა ძალიან მძიმე კადრებს აჩვენებდნენ, ან ვრთავდი ტელევიზორს სხვა არხზე, ან თემა გადამქონდა სხვა რამეზე. ზოგადად, არ მიყვარს, როცა სახლში არაჯანსაღი სიტუაციაა. მივესალმები ყველას აზრს და მიდგომას, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად და არ მინდა ჩემი შვილები თვლიდნენ, რომ ცხოველების დაღუპვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც ასე უაზროდ შეეწირნენ სტიქიას. ამიტომ, ბავშვებს ძალიან მარტივად ვუხსნი ხოლმე რეალობას და ამჯერადაც ასე იყო. ჩემმა გოგომ მითხრა, ძალიან შემეცოდა შუმბაო, მეც ძალიან შემეცოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ცხოველი-მეთქი – ეს იყო ჩემი პასუხი და დამეთანხმა.
საერთოდ, დამალვა, ნეგატიური ინფორმაციისგან ბავშვების რაიმე გზით სრულიად დაცვა, ალბათ ძალიან რთული და იმავდროულად არასწორია, უბრალოდ, ზედმეტი ემოციების გარეშე უნდა მივაწოდოთ რეალობა და მეც ასე მოვიქეცი. მინდა, საღად მიუდგნენ მოვლენებს და სწორად იაზროვნონ. სოციალურ ქსელში დაღუპული ცხოველების გამოფენა და ტირილი პირობითად, ნიანგების და ქვეწარმავლების გამო ცოტა უხერხულია, მაშინ როცა 19 მიცვალებული გვყავს და კიდევ არაა ძებნა დასრულებული. არ მინდა, ჩემმა შვილმა ცხოველის ფოტო გამოდოს ფეისბუქში და გლოვა გამოცხადოს, როცა ოჯახებმა შვილები დაკარგეს. ჯობია, ბავშვს აუხსნა ეს ყველაფერი და სწორად მიუდგეს საკითხს, ვიდრე დაუმალო და ვერ ხვდებოდეს, რა ხდება რეალურად.

– ბავშვებისთვის ზოოპარკი განსაკუთრებული ადგილია, დღეს, სამწუხაროდ, ზოოპარკი აღარ არსებოს. ამაზე არაფერს გეკითხებიან, ან თუნდაც არ ინტერესდებიან, აღდგება თუ არა ოდესმე?
– მოგახსენებ ჩემს მიდგომას ზოოპარკის მიმართ. ყველასთვის ცნობილია და ეს ახალი ამბავი არაა, რომ ჩვენ ივანიშვნილებთან ვმეგობრობთ ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ პოლიტიკურ არეალზე გამოჩნდებოდა. ტრაგედიამდე ბევრი წლით ადრე იყო ლაპარაკი, რომ ბატონ ბიძინას სურდა ზოოპარკის ადგილმდებარეობის შეცვლა და

მისი ევროპულ დონეზე გაკეთება, სადაც ცხოველები იქნებოდნენ დაჩიპული, მოვლილი და ა.შ. არ დაგიმალავთ, ზოოპარკში ბავშვი მაქსიმუმ სამჯერ მყავს წაყვანილი, ისეთი სუნი იდგა, დიდხანს ვერ გავჩერდი. ბავშვისთვის ესთეტურად არ მიმაჩნია გარემო, სადაც გაძუნძგლული ცხოველები არიან და საღორის სუნია. ამიტომ ზოოპარკში წაყვანას ბევრად მერჩივნა, წამეყვანა ისეთ ადგლებში, სადაც ელემენტალურად სანიტარული ნორმები მაინც იქნებოდა დაცული, მიმეწოდებინა ნორმლაური საკვები და ნორმალურ ატრაქციონზე დამსხდარიყვნენ, ვიდრე ესუნთქათ ნეხვის სუნი. თუ ბავშვი მიგყავს ზოოპარკში, ის ელემენტარულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ელემენტარულად ისეთი სუნი არ უნდა იდგეს, რომ გულისრევის შეგრძნება გქონდეს. ამ მიზეზების გამო ჩვენ ზოოპარკის ხშირი სტუმრები არ ვიყავით. გარდა ამისა, პირადად მე ვთვლი, რომ ქალაქის ცენტრში ზოოპარკის ადგილი არაა, ეს ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ. მგელი და ვეფხვი არ უნდა ცხოვრობდეს ცენტრში და თუ აცხოვრებ, მაშინ გარკვეულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს, ჩიპი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ გამოქცევის შემთხვევაში მთელი ქვეყანა ერთ ვეფხვს არ დასდევდეს და მაინც ვერ პოულობდეს. ბატონი ბიძინას სურვილის შესახებ ინფორმაცია რომ გვქონდა, სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, რომ იდეას სისრულეში მოიყვანდა. მაგრამ წინა ხელისუფლებამ ისე დასცინა და ისეთი უარი განუცხადეს, ამაზე ლაპარაკი დამთავრდა.
ახლა კი, როცა ასეთი ტრაგედია მოხდა, ბავშვებს უკვე აქვთ იმის მოლოდინი, რომ ძველი იდეები განხორციელდება და ითქვა, რომ ასეც იქნება. დარწმუნებული ვარ, ახალი ზოოპარკი ისეთი იქნება, არ მოგერიდება ბავშვის მიყვანა. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ტრაგედიას დაემთხვა ადგილმდებარეობის შეცვლა და ამ ადამიანს არ მიეცა საშუალება, ნორმალურ ვითარებაში გაეკეთებინა ეს ყველაფერი. სამწუხაროდ, ქართველები ვართ ის ხალხი, რომელიც სანამ ცხვირით არ მიასკდება რაღაცას, მანამდე არ ვიჯერებთ და არ გვესმის ადამიანის. ასაკოვანი და პროფესიონალი ხალხი რომ ეწინააღმდგებოდა ამ გზის გაყვანას, უნდა დაეჯერებინათ და ეს შედეგი არ დაგვიდგებოდა. იმედია, მომავალში უფრო დავუჯერებთ კომპეტენტურ პირებს.

– ახლა მაინტერესებს, როგორ აგრძელებ ცხოვრებას მტაცებელ ცხოველებთნ ერთად. ყველა შეშნიებულია…
– კუს ტბასთან ახლოს ვცხოვრობ და სულ მგონია, ჩამომივლის ერთხელაც ვეფხვი, მაგრამ არ მესმის იმ მშობლების, რომლებიც ეტლებით ბავშვებს ვაკის პარკში ასეირნებენ ამ დღეებში. ზოოპარკის მაცხოვრებლების სულაც რომ არ გეშინოდეს და დარწმუნებული იყო, რომ საშიშროებას აღარ წარმოადგენენ, იმხელა მთა ჩამოწვა და იმდენი რაღაც წამოიღო აქეთ, შეიძლება იმ ტყიდან ჩამოვიდეს ცხოველი. რამდენიმე ცხოველი იპოვეს და ზოოპარკის დირექტორი აცხადებს, რომ საერთოდ არ გვყოლია ასეთიო, ეს იმას ნიშნავს, რომ მთას გამოყოლილია. კი ვბრაზდები ხან ზოოპარკის დირექტორზე, ხან პრემიერმინისტრზე და ხან – სხვაზე, მაგრამ ცოტა ხალხსაც გვმართებს დაკვირვებულობა, ამ დღეებში თუ მაინცდამაინც არ ვირბენთ კუს ტბაზე და ვაკის პარკში არ გავიყვანთ ბავშვებს, უკეთესი იქნება.
რაც შეეხება ამ ვეფხვს, უკვე მგონია, რომ აღარაა ვეფხვი და ისეთი დაბნეულები არიან, ტყუილად დასდევენ. ერთი ვეფხვი ასე ვერ დაიჭირო ვერასდროს, რას ნიშნავს და რაზე მიუთითებს, თქვენ თვითონ მიხვდებით. იმ დღეს “ფეისბუქში” ვიდეო რომ გავრცელდა, ვითომ მგელი იპოვეს და სინამდვილეში ძაღლი იყო, არადა, მთელი რაზმი რომ შემოეხვია ამ ცხოველს ირგვლივ და გააქანეს ზოოპარკში, ცოტა უხერხულია. მესმის, ადამიანი როცა პატრულში იწყებდა მუშაობას, ვერც წარმოიდგენდა და არ გაუვლია მგლის და ძაღლის განმასხვავებელი კურსები, მაგრამ ასეთ ეკიპაჟს ვიღაც კომპეტენტური ხომ უნდა ახლდეს, რომ ასე არ ატარონ და არბენინონ ცხოველები?! ჩემმა 7 წლის შვილმაც იცის, რომ მგელი ერთადერთი ცხოველია, რომელიც არ თვინიერდება, რომ იჭერ ამ ძაღლს საყელურით, ხან ყურზე რომ ეფერები და ფოტოს რომ იღებ, ხომ უნდა მიხვდე, რომ ძაღლია. მგელი ვის უჩერდება ასე? სამწუხაროა, მაგრამ სასაცილოა ეს ყველაფერი.
ყველა ჩვენგანის უსაფრთხოების მიზნით, მართლა ძალიან მინდა დაიჭირონ გაქცეული ცხოველები. ყოვლ დილას გაღვიძებისთანავე “ფეისბუქს” ვნახულობ სიახლეების გაცნობის მიზნით და იმ იმედით, რომ როგორც იქნა, დაიჭირეს ეს ვეფხვი, მაგრამ სამწუხაროდ, თურმე ამ დარგში იმდენად არაკვალიფიციური ხალხი გვყოლია, დიდად იმედი აღარ მაქვს, რომ ოდესმე დაიჭერენ. ისიც წარმოუდგენელია, ამხელა ვეფხვი აბაშიძეზე მოვიდეს, ქალს ჩახედოს თვალებში, მანამდე ვერავინ შენიშნოს, მოვიდეს სპეცდანიშნულების რაზმი, გადაკეტოს ქუჩები და მაინც ვერ იპოვოს. თაგვი ხომ არაა, რომ ვერ დაინახო და გაძვრეს სადმე? გუშინ წონა და ზომაც კი გამოაცხადეს. ალბათ გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც კონკრეტულ ზომებს მიიღებს და აღმოფხვრის ამ პრობლემას. როცა ქვეყნის პირველი პირი გამოდის და გეუბნება, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, არც ერთი ცხოველი არაა დაკარგულიო, უჯერებ, გამოდიხარ და ვეფხვი გჭამს, რას ნიშნავს ეს? იმას, რომ შენ თვითონ უნდა გაუფრთხილდე თავს და შენს ოჯახს. ახლა რომ გეუბნებიან, ფრთხილადო – მგონი, ცოტა გვიანია. არავის იმედი არ უნდა გქონდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რომ ასეთი რაღაცები არ მოხდეს, სიმართლეს გეტყვი, მე ახლა ძალიან დაუცველად ვგრძნობ თავს.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები