„არავისი ნაძვის მათხუვრები ჩვენ არ ვართ, აქეთ გვეხვეწებიან თესლს“ – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის საკითხს ეხმაურება და გამოდის ინიციატივით, რომ თბილისის რომელიმე ცენტრალურ მოედანზე დაირგოს რაჭული ვერცხლისფერი ნაძვი, რომლის თესლიც ევროპაში საშობაო ნაძვების გასაზრდელად გააქვთ:

“რაჭული ვერცხლისფერი ნაძვი, რომელსაც აქვს სათამაშოების დასაკიდებლად იდეალურად განლაგებული, უფუმფულესი ტოტები და ზღაპრული შეფერილობის უხშირესი წიწვები, რომლის თესლი ტონობით გააქვთ ევროპელებს საშობაო ნაძვების გასაზრდელად, მართალია, ნელა მზარდი ხეა, მაგრამ საბოლოოდ უზარმაზარი იზრდება და ფაქტიურად უკვდავი ხეა. რომ დავრგოთ რომელიმე ცენტრალურ მოედანზე და ყოველ მომდევნო შობას მივართვათ ახალი საჩუქრები ახლადგაზრდილი ტოტებისთვის და ჩვენც მასთან ერთად გავიზარდოთ? თანაც რაჭულს, ყველაფერს სიმშვიდე მოაქვს. კიდევ თანაც, ყველა ქვეყანას და ქალაქს აქვს თავისი სიმბოლოები, ტოტემის გადმონაშთივით, – ბერლინს დათვი, დუბაის აქლემი, ნიუ იორკს ხარი… ეს ხე უკვე ჩვენი ქვეყნის ერთერთი სიმბოლოა, რადგან ქრისტიანული სამყაროს ამხელა ყურადღება მიიქცია თავისი უნიკალური ფორმის გამო. ხოდა ჩავასკუპოთ პატივით და დიდებით, რა მოხდება. არავისი ნაძვის მათხუვრები ჩვენ არ ვართ, აქეთ გვეხვეწებიან თესლს. თან “ივენთი”უნდა შექმნა ამისგან – “წელს ჩვენი ნაძვი მეტრნახევრით გაიზარდა, ვიღებთ საჩუქრებს!” ჩაერთოს მორთვაში ყველა ქვეყნის ქრისტიანი. როგორც ვაშინგტონში საკურას ყვავილობაზე დასასწრებად ჩადის აპრილში მილიონობით ტურისტი. ხოდა როცა ჩვენი ნაძვი ზრდას დაასრულებს და ცას მისწვდება, ჩვენც გავბრწყინდებით. და მერე გაბრწყინება ვიზეიმოთ”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები