ანტონიო ბანდერასი 55 წლისაა

ხოსე ანტონიო დომინგეს ბანდერასი – ასე დაარქვეს ბიჭს, რომელიც 55 წლის წინ მოევლინა ქვეყანას. სანამ 14 წლის გახდებოდა და ფეხს დაიზიანებდა, ფეხბურთელობა ჰქონდა გადაწყვეტილი. მას შემდეგ კი, რაც გაიგო, რომ ტრავმის გამო საყვარელ სპორტს ვეღარ გაჰყვებოდა, თეატრში შემთხვევით დაესწრო სპექტაკლს „თმა“, რამაც მსახიობობა მოანდომა და ახალი მიზანიც გაუჩინა. პოლიციელი მამა და მასწავლებელი დედა ყველანაირად უწყობდნენ ხელს, სასურველ პროფესიას ადრეულ ასაკშივე დაუფლებოდა. შედეგად, მისი თეატრალური დებიუტი მალაგას პატარა სცენაზე შედგა.

19 წლის რომ გახდა, მადრიდისაკენ გაეშურა და იმისათვის, რომ თავი ერჩინა, მიმტანად და მოდელად დაიწყო მუშაობა. მის მონდომებას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ესპანეთის ეროვნულმა თეატრმა თავის დასს ყველაზე ახალგაზრდა წევრი შემატა. ანტონიოს სპექტაკლებს პედრო ალმადოვარი ესწრებოდა ხოლმე. სწორედ მაშინ გადაწყდა მათი სამომავლო თანამშრომლობის ამბავი და პირველი სადებიუტო როლი ფილმში „ვნების ლაბირინთი“ (1982). ამას მოჰყვა 80-იანი წლების სკანდალური და პროვოკაციული ნამუშევრები. მსახიობს არც იმაზე უთქვამს უარი, კინოისტორიაში პირველი მამაკაცი ყოფილიყო, რომელიც ეკრანზე მეორე მამაკაცს აკოცებდა („სურვილის კანონი“, 1987). შედეგი კი ის გახლდათ, რომ, პედრო ალმადოვართან თანამშრომლობით, ბანდერასმა საერთაშორისო ასპარეზზე შეაბიჯა…

მსახიობის ჰოლივუდური დებიუტი „მამბოს მეფეებით“ (1992) შედგა. ვინაიდან ინგლისური არ იცოდა, დიალოგები ფონეტიკურად დააზეპირებინეს. შემდეგ იყო ტომ ჰენკსის პერსონაჟის პარტნიორობა ფილმში „ფილადელფია“ (1993). ამას „ინტერვიუ ვამპირთან“ (1994) მოჰყვა, რომელშიც ბრედ პიტსა და ტომ კრუზთან ერთად ითამაშა. ყველაზე დიდი აღიარება კი, რაღა თქმა უნდა, „ზოროს ნიღაბმა“ (1998) მოუტანა.

მსახიობის დაბადების დღესთან დაკავშირებით, OK! 5 საინტერესო ფაქტს წარმოგიდგენთ…

იმისათვის, რომ „ზოროს ნიღაბში“ საკადრისად წარმოჩენილიყო, ანტონიო ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობდა. ამავდროულად, ნამდვილ მუშკეტერებთან ერთად ეუფლებოდა ბრძოლის ხელოვნებას. გარდა ამისა, მსახიობმა ცხენით ჯირითის ერთთვიანი კურსიც გაიარა.

ბანდერასი ფეხბურთის დიდი ფანია და დღემდე რჩება საფეხბურთო კლუბ „რეალ მადრიდის“ თავგამოდებულ გულშემატკივრად.

ის დაკოტა ჯონსონის მამინაცვალია გამომდინარე იქიდან, რომ 19 წლის განმავლობაში მელანი გრიფიტის მეუღლე იყო.

მისი საყვარელი ფილმებია „არაჩვეულებრივი ამბერსონები“ და „ეშმაკის შეხება“.

ანტონიო მელანი გრიფიტის ფანი ჯერ კიდევ მანამ იყო, სანამ გაიცნობდა. მაშინ შეუყვარდა, როცა „რაღაც ველური“ იხილა მსახიობის მონაწილეობით. მაშინ კი, როცა ერთ გადასაღებ მოედანზე მოხვდნენ, ბანდერასი პატარა ბიჭივით ანერვიულდა და სირბილით მივიდა მელანისთან, თავი რომ წარედგინა. იმდენად ვერ გათვალა, რა უნდა ეთქვა, რომ პირდაპირ ასაკი ჰკითხა, რაზეც გრიფიტმა გაიცინა და უპასუხა, 37-ის ვარო. ასე დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, რომელიც 19 წელს გაგრძელდა.

წყარო: http://www.okmagazine.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები