„ამ ბაღანას იცნობთ?” – თბილისის ზოოპარკში ალპაკა დაიბადა

თბილისის ზოოპარკი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს:

“ამ ბაღანას იცნობთ? თუ არა, მიეგებეთ და გაიცანით! ცოტა ხნის წინ ალპაკა გაგვიჩნდა. ჯერ დედამისივით გაბურძგნული არაა. დაბალი, რბილი და ქუნქულა მატყლი ამშვენებს. თვალები დედასავით კალმით ნახატი აქვს. შეფერილობითაც დედას ჰგავს. მოკლედ, დედას გოგოა. იმდენჯერ ვახსენეთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალშობილის დედას კარმენი ჰქვია. საბედნიეროდ, თავისი მოსახელე, ცნობილი კარმენის მსგავსად, ეჭვიანი დონ ხოსე არ დასტრიალებს თავს. საკმაოდ ბუნჩულა და კეთილმოსურნე ტომასი უზის ქმრად, შესაბამისად, დანებით სირბილის ნაცვლად, სიამტკბილობაში ატარებენ დროს და აგერ, სიამტკბილობის შედეგიც სახეზეა. თუ გახსოვთ, ალპაკები რიგის ზოოპარკმა გამოგვიგზავნა საჩუქრად, ასე რომ, აქვე მათაც დავთაგავთ და ვახარებთ ამ სასიამოვნო ამბავს”, – აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები