ამერიკელი დედა მშობლებს აფრთხილებს – რა გადახდა მის ერთი წლის შვილს

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ახალგაზრდა დედამ „ფეისბუქში“ საკუთარი ისტორიის გაზიარება და სხვა მშობლების გაფრთხილება გადაწყვიტა. ჰიზერ კლერმა მოუწოდა მშობლებს, არასდროს ჩამოსრიალდნენ სასრიალოზე პატარა შვილებთან ერთად. თუ კი ბევრს ჰგონია, რომ პირიქით, ასე უფრო დაიცავენ ტრავმებისგან შვილს, ჰიზერის შემთხვევაში შედეგი ზუსტად რომ საწინააღმდეგო იყო. გთავაზობთ ამ ამერიკელი მშობლის გაფრთხილებას და გამოცდილებას, რომელიც მის სოციალურ ქსელში იყო გამოქვეყნებული.
„როდესაც მედოუ 12 თვის იყო, გადავწყვიტე საბავშვო მოედანზე სასრიალოზე მასთან ერთად ჩამოვსრიალებულიყავი. უცებ დავინახე, რომ მისი ფეხი შემოტრიალდა და ჩემსა და სასრიალოს შორის გაიჭედა. შედეგად-საშინელი მოტეხილობა მივიღეთ.“ როდესაც ჰიზერმა დაინახა, თუ რა მოუვიდა მის შვილს, შოკში ჩავარდა. ბავშვი ტკივილისგან კიოდა, მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანა და ექიმმა საკმაოდ მკაცრი ნოტაცია წაუკითხა იმის შესახებ, რომ ასეთი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება. მისი თქმით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვთან ერთად სასრიალოზე ჩამოსრიალება.
„არასოდეს მომივიდოდა თავში, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. ახლა მიმაჩნია, რომ საბავშვო მოედანზე გამაფრთხილებელი ნიშნები უნდა იყოს დაყენებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი ისტორია სხვა მშობლებისთვის გაფრთხილება იქნება.
მომხდარის შემდეგ ჰიზერმა გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ნიუ-იორკში ბავშვების უსაფრთხოების დაცვაში და საკუთარი კამპანია წამოიწყო, რომელიც სათამაშო მოედნებზე გამაფრთხილებელი აბრების დამონტაჟებას გულისხმობს. გარდა ამისა, ის ამ თემაზე საინფორმაციო კამპანიასაც ეწევა და მოუწოდებს სხვა მშობლებსაც, ფართო საზოგადოებას მათი ისტორიები გაუზიარონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები