„ალბათ ბევრს გაინტერესებთ მის შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია…“ – რას ამბობს რამაზ დავლაძე ბათუმის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევიდან ერთი წელი გავიდა.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო.

რამაზ დავლაძემ ტრაგედიის შედეგად მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა. ერთი წლის თავზე იგი ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი საზრუნავი, მისი შვილი დემეტრეა, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში ხელახლა აღმოაჩინა.

„სიძნელის და სიმძიმის გამო არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ დავწერო, იმ ავბედითი ტრაგედიიდან მტანჯველი ერთი წელი გავიდა!!!

ჩემო გულშემატკივარო ძვირფასო ადამიანებო, ალბათ, ბევრს გაინტერესებთ მის შემდეგ ჩვენი ყოფა როგორია; ტელევიზია, ჟურნალი- ბევრი წერილი მომდის, ბევრი ზარია, მე არავის არ მინდა ჩემი უარით გული დავწყვიტო ან ვინმე გამომრჩეს.

მინდა რომ სწორად გაიგოთ ჩემიც, პირველ რიგში დემეტრეს გამო, არ მსურს რომ მან ბევრი ტკვილიანი შეკითხვა-პასუხი მოისმინოს, დემეტრესთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და მის შეკითხვებს გავეცი პასუხი და ასეთი რამ მითხრა და მთხოვა:

“მამიკო, გასაგებია მე ვიცი ყველაფერი და გთხოვ მეტი ამაზე აღარ ვისაუბროთო”;

შეკითხვებიც კი სათუთად დამისვა, იმიტომ რომ არ უნდა ჩემი განცდებით მოსილი სახე ნახოს და გააზრებულად დამინდო ყველაფერში, მე რა თქმა უნდა სულ ვცდილობ ამ ტკივილით ვიყო მოზომილი ჩემს შვილთან და ესეც უნდა იყოს, ეს ტკივილი ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი გახდა, დაიდო თავისი მარადიული ბინა ჩემს გულში და მე ამითი არასოდეს არავინ არ უნდა შევაწუხო, არც უფლება მაქვს და ისე უნდა ვმართო ჩემი დარჩენილი ცხოვრება როგორიც ეკადრებათ მათ მარადიულ სასუფეველში იქ და მე და დემეტრეს აქ; ჩემი ცხოვრება ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობისგან შედგებოდა, შედგება და სულ ასე იქნება, სხვანირად არც მიცხოვრია და ვერც ვიცხოვრებ!!!

ამიტომ გადავწყვიტე ამ პატარა წერილით გადმოგცეთ ტკივილით განვლილი ეს დრო!

-8 ოქტომბერი-მძიმე დღეები იყო ყველას მოგეხსენებათ, მძიმედ და საზარლად ჩამოწვა სიკვდილი, უეცრად გაქრნენ და წავიდნენ…დიდ ტკივილებთან, დარდთან და გაუსაძლის მონატრებასთან ერთად ვარ თითოეული წამი, დღე და ესე…

ვცხოვრობთ მე და ჩემი დემეტრე, ერთმანეთი აღმოვაჩინეთ და ხელახლა გავიცანით!

პირადად მე როგორც ადამიანმა და მშობელმა მამამ, გადაუჭარბებლად გეტყვით რომ შვილის გარდა დემე მართლა დიდი აღმოჩენა გახდა ჩემთვის, უცბად დავინახე რომ ჩემს გვერდით არა თუ პატარა, არამედ დიდი მეგობარი მყავს, მთელი თავისი საოცარი გონიერებით, გააზრებული შეგნებითა და სიყვარულით სავსე გულშემატკივრობით, აი ესეთმა დემეტრემ მიშველა და გადამარჩინა, დღესაც ესე გრძელდება, ჩემი ყველაზე მყარი დასაყრდენი დემეტრეა, ერთად ვმსჯელობთ, ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ერთმანეთისთვის კიდევ იმაზე მეტი ვართ ვიდრე ვართ!!! თითქმის მთელი წელი პატარ-პატარა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მოგზაურობებით ვასიამოვნე დემეტრე რომ კარგად გავაცნო საქართველო ლამაზი კუთხე-მდებარეობებით;

აღზრდა დ გაზრდა რომ სწორად, ხარისხიანად შევძლო, ამისთვის ბევრი რამის შესწავლა მომიწია და კიდევ ბევრს ვსწავლობ(სულ უნდა ვითარდებოდე ადამიანი, ამიტომ ეს სულ ესე იყო ჩემში);

დღეს დემეტრე სკოლა ლიცეუმ “მასტერ კლასი”-ს პირველ კლასელია, სწავლის ამ მთავარ და მნიშვნელოვან გზასაც ერთად შევუდექით, მისი მიზანდასახულობა და მოწადინებულობა კი ძალიან მახარებს და მაძლიერებს!!!

ყველაზე მთავარი რაც მინდა ვთქვა და ბევრჯერ ვთქვი: უთბილესი მადლობა “wissol-ვისოლი”-ს, მადლიერი ვარ, რომელმაც მომხდარი ტრაგედიიდან მალევე გვაჩუქა ბინა! უღრმესი მადლობა და მადლიერება უმაღლესი დონის სკოლა ლიცეუმ “მასტერკლასი” -ს ერთგულად თანადგომისა და იმ უსასყიდლო ამაგისთვის რაც აკეთეს და აკეთებენ დემეტრესთვის ჯერ ბაღში და ახლა სკოლაში. მადლობა ყველას, მადლობა თითოეულ თქვენგანს! უამრავი სიკეთით იხარეთ“,- წერს რამაზ დავლაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები