“მეუღლე სოცქსელით გაიცნო” – რა დამატებითი დეტალები ვრცელდება შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან გოგონაზე

1495
SHARE

“შვიდი თვის ბავშვის მკვლელობის შემდეგ, 16 წლის დედამ სახლიდან ოქრო და ფული წაიღო და გაიქცა”, – ამის შესახებ საქართველოს “პირველ არხს” სოფელ აღაიანში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით უცხო ადამიანებს ეკონტაქტებოდა და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, რომელიც, ასევე, სოციალური ქსელით გაიცნო.
ნათესავები ამბობენ, რომ დაკავებული 16 წლის დედა ჩვენებაში მკვლელობის მოტივად შურისძიებას ასახელებს და ამბობს, რომ „ბავშვი ქმრისა და დედის გასამწარებლად მოკლა“.
ნათესავები ამბობენ, რომ, მკვლელობის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული აღაიანიდან ტაქსით წავიდა და, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გაცნობილ მამაკაცს შეხვდა.
„ის ჩვენებებში ამბობს, რომ დედამისი და ქმარი გაამწარა. ჩვენთვის გაუგებარია, ამას რატომ ამბობს. ორი წლის წინ გახდა ჩვენი რძალი. ქმარი “ფეისბუქით” გაიცნო, ქუთაისიდან ჩამოაკითხა და ცოლად გაჰყვა“, – აცხადებენ ნათესავები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. დღეს დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვიდი თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შსს-ში. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო:https://1tv.ge

FB კომენტარები

კომენტარი