SOS!!! საქართველოში კაცების დეფიციტია

ბლოგი-ფლუიდები – ექსკლუზიურად “კვირასთვის”

– და აი მოვიდა 2016 წელი, ჩვენ ისევ მარტო ვართ…
– უკვე მივეჩვიე უკაცობას… მშვიდად ვუპასუხე ლიკუნას და ყავის წრუპვა განვაგრძე.
ლიკუნა 26 წლის ლამაზი გოგოა, რომელსაც უმაღლესი განათლებაც მიღებული აქვს და საკმაოდ კარგ კომპანიაშიც არის დასაქმებული. ერთი სიტყვით, ვერაფერს დაუწუნებ… ბუნებრივია იბადება კითხვა, რატომაა ასეთი წარმატებული და ლამაზი ქალი მარტო.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი ვიფიქრე და დასკვნა გამოვიტანე: საქართველოში გაუსაძლისი მდგომარეობაა… უკაცობის სერიოზული პრობლემა… ამ ქვეყანაში კაცები 4 კატეგორიად უნდა დავახარისხოთ.
პირველი კატეგორიის კაცები მრავლად გვხვდება ქუჩაში, ტრანსპორტში, სოციალურ ქსელში… მათი ძირითადი საქმიანობაა “ბირჟაზე” დგომა, დალევა, მაზიანის მოგება, კომპიუტერული თამაშები და სხვა. არც გარეგნობით გამოირჩევიან, არც რაიმე მიზანი აქვთ და დიდი ალბათობით არც სკოლა აქვთ დამთავრებული.
მეორე კატეგორიის მამაკაცებიც მრავლადაა ჩვენს გარშემო… ესენი არიან დასაქმებული, სტაბილური შემოსავლის მქონე ახალგაზრდები, რომლებსაც განათლებაც აქვთ მიღებული. ასეთი კაცები მუშაობენ რიგით, არც თუ ისე სახარბიელო თანამდებობებზე. მათ სძულთ ის, რასაც აკეთებენ, მაგრამ იმის იქით არ აქვთ სურვილი რამის კეთების. ამ კატეგორიის კაცები გარეგნულადაც და შინაგანადაც უინტერესო, მოსაწყენ და უპერსპექტივო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
მესამე კატეგორიის მამაკაცების დახასიათება მარტივია: მდიდარი მამიკოს ბიჭები, რომლებსაც სახლში უდევთ რომელიმე ელიტარული უნივერსიტეტის დიპლომი, თუმცა სულ რამდენჯერმე არიან მისულები იქ, ისიც ჯგუფელების შესაფასებლად. ამ კატეგორიის კაცები მამიკოს ჯიპებით დაგრიალებენ, ყავთ ბევრი „ნაშა“, ღამეს კლუბებში ატარებენ, უმეტესობას სექსუალური გადახრა აქვს… ასეთებს ქუჩაში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ შეხვდებით.
და ბოლოს მეოთხე, იშვიათი კატეგორიის მამაკაცები უმაღლესი განათლებით, სტაბილური სამსახურით. აქვთ ბიზნესი ან ბიზნეს-გეგმა, რომელსაც მალე განახორციელებენ. ისინი დამოუკიდებლად აღწევენ ცხოვრებაში წარმატებას და აქვთ მიზანი.
კატეგორია 1 ასეთ კაცებს ყველგან და რამდენსაც გინდათ იმდენს შეხვდებით.
კატეგორია 2 მათი რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. ქალების უმეტესობა სწორედ ამ კატეგორიის კაცებს ხვდება, მაგრამ საბოლოოდ იმედგაცრუება მოჰყვება ხოლმე მათთან ურთიერთობას (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით)
კატეგორია 3 ვხვდებით ელიტარულ დაწესებულებებში, რესტორნებში კლუბებში… ასეთების ყურადღების მისაპყრობად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ და საბოლოოდ იმედგაცრუება გელით.
კატეგორია 4 იშვიათი მამაკაცები… იმდენად ცოტაა საქართველოში, რომ თუ ერთხელ მაინც შეხვდებით, ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
დღეს ქალების ნახევარზე მეტს მეორე ნახევარი არ ჰყავს. იმ ქალებს კი, რომლებსაც გვერდით კაცი ჰყავს, ან უბედურია, ან უბრალოდ თვლის, რომ უკეთესს არც იმსახურებს და ის მისი შესაფერისია… და ბოლოს, ბედნიერი ქალები, რომლებსაც უბრალოდ გაუმართლათ…
რა ეშველება ამდენ გასათხოვარ, გაუთხოვარ თუ განათხოვარ ქალს? სად ვეძებოთ ნამდვილი, ჯანმრთელი კაცი? ოთხივე კატეგორიას აქვს საკმაოდ ამბიციური მოთხოვნა – ჰყავდეთ ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული ქალი გვერდით. მაგრამ რომელი იმსახურებს ლიკუნასნაირ ქალს?

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები