Carpe Diem

ფოტოაპარატით ხელში მდგომი ჭაღარა კაცი, წამს რომ ჩასაფრებია… ერთი დაწკაპუნება და მორჩა, წამი უკვდავია. ჰორაციუსის ოდებში გვხვდება გამოთქმა: „იცხოვრე ახლა“, „ისიამოვნე გზით“ (carpe diem, carpe viam).

გავიხსენოთ ფრაზები პიტერ უირის ფილმიდან, „მკვდარი პოეტების საზოგადოება”:

„-გესმის?- Carpe- გესმის?- Carpe, carpe diem, დაიჭირეთ დღე, ბიჭებო, გახადეთ თქვენი ცხოვრება ექსტრაორდინალური.“

„არ აქვს მნიშვნელობა, სხვა რას გეტყვის, სიტყვებსა და იდეებს მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ“.

„ჩვენ არ ვიცინით თქვენზე, ჩვენ უბრალოდ თქვენთან ახლოს მოგვიწია ყოფნა“.

წამს (carpe) ოპიუმად რევოლუცია მოევლინა მოსწავლეთა გონებასა და სულში. გონებაში დატრიალებული ქარბუქი ილაშქრებს სასწავლებელზე, რომელიც უყოყმანოდ ემონებოდა მკაცრად დადგენილ წესებს!

ჰაიკუ ფოტოაპარატიან ტიპს ჰგავს. იაპონური პოეზიის ერთ-ერთი განშტოება თავისი ძლიერი სიმბოლური ტექსტებით კადრებს აშეშებს, თუმცა, მათი დანახვა ერთი თვალის მოკვრით შეუძლებელია.

ჰაიკუს მამამთავრად XVII-ის პოეტი, მაცუო ბასიო ითვლება. მისი შემოქმედება ერთგვარ კავშირშია ჰორაციუსის მოწოდებასთან: „დაიჭირე წამი“. ბასიოს ცნობილი სამტაეპიანი ლექსი წამისა და მარადისობის ჩუმი ნაზავია:
11949818_604145953059178_1200793139_n
“ძველი გუბურა
ბაყაყი ჩახტა წყალში:
ტყაპ! გაისმა სიჩუმეში.”

„ძველი გუბურა“ დროს ჰგავს, რომელიც არის, იყო და იქნება. ბაყაყის ხმაური სიჩუმის ფონზე საერთოდ არ არღვევს გუბურის მარადიულ სიმყუდროვეს. პირიქით, თითქოს ერთნიც კი გახდნენ. იაპონელი ხელოვანი თავისი ლექსებით ცოცხალ კადრებს ქმნის, რომელიც თვალწინ მარტივად წარმოგიდგება. დაჭერილი წამი კი ერთგვარი ბიძგია უსასრულობაში შესაღწევად.

შეუძლებელია ყოველი დღე ისე დაიწყოს, რომ კმაყოფილება და ბედნიერება თავიდან არ გწყდებოდეს. წამის დანიშნულება ის არის, რომ დაგაფასებინოს შენს ირგვლივ არსებული. გაითავისუფლო გონება აქამდე არსებულის გავლენისგან და მომავლის აპოკალიფტური შიშებისგან.

წამი ყველაზე დიდი რევოლუციონერია ადამიანის გონებაში… წამი ხელოვანს უკვდავებაზე დააფიქრებს ხოლმე… არ იარსებებდა ხელოვნება, რომ არ არსებობდეს ქაოსური ფიქრები, ისევე როგორც არ იარსებებდა იდეა, რადგან რევოლუცია ხომ სანუკვარი ოპიუმია ინტელექტუალთათვის!

ლექსო მიგრიაული

კომენტარები

სხვა სიახლეები