ლარის გაუფასურება ყოველთვის იყო, უბრალოდ ახლა ხალხს თავისუფლება მიეცა, რომ პოსტები წერონ და აქციაზე იყვირონ – სალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი, რომელიც წლების წინ ტელეწამყვანი იყო დღეს თავის ბიზნესი აქვს, თუმცა ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად არის ჩართული და ხშირად გამოდის მწვავე შეფასებებით.
ყოფილ ტელეწამყვანთან ინტერვიუ ჟურნალმა “სარკემ” ჩაწერა სადაც მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.
– სალომე, ვიცით, რომ მეგობართან ერთად ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდი შექმენით, მოდის ბიზნესში ჩაერთეთ, ტელეკრანზე დაბრუნებას აღარ აპირებთ თუ არ გაქვთ შემოთავაზებები?
– ორი ტელეარხიდან მქონდა შემოთავაზებები, ერთ-ერთი იყო ინტერნეტ-ტელევიზია, მაგრამ ეს საქმეები ჩაიშალა. მერე მეც რაღაცნაირად მოვეშვი, მაგრამ ახლა სულ მიტრიალებს თავში, რომ რაღაც გავაკეთო. ვფიქრობ ინტერნეტ-ტელევიზიაში საკუთარი გადაცემა მქონდეს.
– ქმარიც ბიზნესმენი გყავთ, თქვენც ბიზნესი წამოიწყეთ. როგორ აისახება თქვენს საქმიანობაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?
– არ მგონია, ვინმეს ბიზნესში რაიმე პრობლემა შექმნოდა.
– ბიზნესს ცუდად დაარტყა ლარის გაუფასურებამ…
– ლარის გაუფასურება ყოველთვის იყო. უბრალოდ ახლა ხალხს თავისუფლება მიეცა, რომ პოსტები წერონ სოციალურ ქსელში. გამოვიდნენ რაღაც აქციაზე, იყვირონ. მიშა სააკაშვილის დროსაც ხდებოდა ეს, მაგრამ ყველას ისე ეშინოდა და მათ შორის მეც, რომ ტელეფონებს მეორე ოთახში ვტოვებდით და ისე ვლაპარაკობდით ან ტელეფონებში სახელებს არ ვახსენებდით. გაჭირვება მაშინაც იყო.
– კონკრეტულად თქვენ რისი გეშინოდათ?
– მე რომ მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი და რაც მაწუხებდა, ჩემი ქმარი დღეს ციხეში იჯდებოდა. არ იყო გამორიცხული, იმ საცოდავი ბიჭების სიაში მოხვედრილიყო, რომლებიც დაიჭირეს. დღეს ასე არ ისჯებიან. ხალხს თავისუფლება მიეცა, რაც ვთვლი, რომ ახლანდელი ხელისუფლების ძალიან დიდი შეცდომაა. მივხვდი, რომ ქართველი ადამიანისთვის თავისუფლება არის ღრეობა ანუ ღრეობაში გადადიან.
მოგეცი თავისუფლება, პირველ რიგში სიტყვის თავისუფლება. მოგეცი უფლება გააკეთო ის, რაც გინდა, მაგრამ იმის ნაცვლად რაღაც ზღვარი დაიცვან, მაინც უკმაყოფილოები არიან. ამ მთავრობასთან ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს.
– მაგალითად რა შენიშვნები?
– პირველი ის, რომ ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას არ უნდა ჰქონდეთ უფლება წამყვანი ტელეკომპანიის პირდაპირი ეთერიდან საშინელი სიტყვები მასმენინონ.
– გიორგი გაბუნიას მიერ, პუტინის გინებას გულისხმობთ?
– ბოლო პერიოდზე ვლაპარაკობ, თუნდაც პატრიარქის გინებაზე. შენ თუ ვითაც არ მოგწონს, მე ნუ მასმენინებ. მარტივად ვამბობ, კაცი რომ ქალს აგინებ, ჩემთვის ხარ არაკაცი!
– ცნობილია რომ თქვენი ოჯახი ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობს. რას ფიქრობთ ბოლო დროს მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღაზე, აქციებზე, რომლებიც ყოველ საღამოს მის სახლთან იმართება?
– ეს არის უმადური ადამიანების ტალღა. დაიწერა რაღაც, სალომე გოგიაშვილი მარსზე გაჰყვება ბიძინასო. მინდა განვმარტო: მთვარეზე გაყოლა იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ბიძინა რაკეტაში ჩაჯდება, მე უკან დავჯდები და ერთად გავფრინდებით. ადამიანს 500-ზე მეტი შენობა აქვს გარემონტებული, გაკეთებული. აღარ ვლაპარაკობ იმ ხელოვანებზე, რომლებსაც პენსია, ხელფასები დაუნიშნა აბსოლიტურად უანგაროდ. რამდენიმე გამოვიდა და თქვა, ბიძინას ფული არ გვინდაო. ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, რომელმაც უარი განაცხადა ბიძინას ხელფასზე, მეორე დღეს ბანკიდან რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი თანხა გამოიტანა. ეს მაშინ იყო მიშა, რომ წავიდა და ბიძინა მოვიდა.
– როდის დაიწყო თქვენი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა, როდის დაუხლოვდნენ თქვენი ოჯახები ერთმანეთს?
– ერთმანეთთან 20 წელზე მეტი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. მამაჩემი და ბიძინა ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. ბიძინას მამაჩემი იმიტომ უყვარდა, რომ ცხოვრებაში არაფერი უთხოვია და მეც ასე ვარ გაზრდილი. შიმშილით რომ ვკვდებოდე, არავის არაფერს ვთხოვ. მირჩევნია ვიმუშაო, ოღონდ გარშემომყოფები არ შევაწუხო.
რა თქმა უნდა, ბიძინას ოჯახს ჩემთვის დიდი პატივი უცია და როგორც ბიძინაზე, ასევე ნებისმიერ ჩემს მეგობარზე ვიტყვი, რომ გაუჭირდეს, მთვარეზე კი არა, შეიძლება მიწაში ჩავყვე, რადგან ასეთი ტიპი ვარ.
წყარო: ჟურნალი სარკე