ამ წყვილს ყველა ფინალში წარმოიდგენდა, თუმცა ისინი ფინალამდე ვერ მივიდნენ და მოულოდნელად კონკურსის მიღმა აღმოჩდნენ. გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას სტაბილურმა და ეფექტიანმა წყვილმა “ცეკვავენ ვარსკვლავები” ისე დატოვა, რომ აუტსაიდერთა რიგებში ერთხელაც არ ყოფილა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. გულშემატკივართა კომენტარებიდან ჩანს, რომ ისინი ასე უდროოდ მათი პროექტიდან გამოთიშვას არ ელოდნენ…
ამ თემაზე სალომე ჭაჭუამ Ambebi.ge-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
– ყველაფერი ლოგიკურად მოხდა. კონკურსი ვიღაცას ხომ უნდა დაეტოვებინა და ეს წყვილი ჩვენ აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გულისტკენა გასაგებია, მაგრამ საგანგაშო იმაში არაფერია, რომ ჩვენი წყვილი პროექტს გამოეთიშა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია – რომელიმე ტურში შეიძლებოდა ეს მომხდარიყო… კონკურსანტები, რომლებიც შოუში დარჩნენ, დღეს ნახევარფინალში არიან და მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება. საკმაოდ ძლიერები არიან, ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყო… გულშემატკივარს მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის და თუნდაც ამ ემოციებისთვის, რასაც ისინი სოციალურ ქსელში გამოხატავენ.
– ზოგიერთს მიაჩნია, რომ თქვენი პროექტიდან წასვლა რაღაც შიდა ინტრიგას უკავშირდება…
– როდესაც “ლაივი” მთავრდება, ყველანაირი ქულა (ჟიურის შეფასება, ესემესები, ყველაფრის ჯამი) ქვეყნდება. ამიტომ, მაყურებლის გარკვეული ნაწილის ეჭვი უსაფუძვლოა. ვიმეორებ, რომელიმე წყვილს კონკურსი უნდა დაეტოვებინა და ეს წყვილი ჩვენ აღმოვჩნდით.
– როგორ შეხვდა გიორგი გილიგაშვილი დამარცხებას?
– ახლანდელი მისი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ გუშინ ძალიან კარგად იყო, ნორმალურად. ჯანსაღად შეხვდა დამარცხებას, რადგან დამარცხება და გამარჯვება მეგობრები არიან.
– ცუდია, რომ “ჩვენი მზე” დამარცხდა…
– ასეც ხდება. პირველი წელი ხომ არ არის, რაც ეს კონკურსი ტარდება?! ამ სეზონზე ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველივე ტურიდან ჩვენი შემოქმედება განსხვავებული აღმოჩნდა. არც ერთი დადგმა არ ჰგავდა მეორეს, თითოეული საინტერესო იყო, რამაც თავისი ადგილი დაიკავა საქართველოს “ცეკვავენ ვარსკვლავების” ისტორიაში. ყველაფერს ხომ თავისი ნიშა აქვს. ამით მართლა კმაყოფილი ვარ.
– მართალია, წელს პირადად შენ განსაკუთრებულად არტისტული იყავი, რითაც სრულიად ახალი ფერი შესძინე შენს საოცარ შემოქმედებას…
– დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ მადლობა მკითხველს, მაყურებელს, გულშემატკივარს.