კომაში მყოფი 13 წლის ბიჭი გონს მოულოდნელად მოვიდა

13 წლის ბიჭი, რომელმაც ქვიშის კვადროციკლის ტარებისას საშინელი ტრავმები მიიღო, უცაბედად გონს მოვიდა. ექიმების თქმით, მისი ტვინი გარკვეული პერიოდის მანძილზე გათიშული იყო და მისი გონზე მოსვლის იმედი აღარავის ჰქონდა. ბიჭის მშობლებმა, შვილის სიკვდილის შემთხვევაში, მისი ორგანოების დონაცია გადაწყვიტეს. როდესაც შესაბამის დოკუმენტებს მშობლებმა ხელი მოაწერეს, 13 წლის ბიჭი სასწაულებრივად გამოვიდა კომიდან. ჯერ ხელი აამოძრავა, შემდეგ ქვედა კიდურები, შემდეგ კი გაფართოებული გუგები ნელ-ნელა დაუპატარავდა და გონზეც მოვიდა.
ინციდენტი 2 თვის წინ მოხდა, როდესაც ბიჭი მეგობარს სტუმრობდა. მინი-კვადროციკლზე თამაშისას, 13 წლის მოზარდმა ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო. „ცემენტზე დავარტყი თავი, შემდეგ კი კვადროციკლმა გადამიარა. ამის მერე აღარაფერი მახსოვს“-თავის ტრავმის შესახებ 13 წლის მაკკინლი ახლა თავად უყვება ჟურნალისტებს.
ბიჭის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი 15 წუთის გარდაცვლილი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში მივიდა. მან ასევე აღნიშნა, ექიმები შიშობდნენ, რომ მაკკინლი გონებრივად ვეღარასოდეს იქნებოდა სრულყოფილი ადამიანი, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
მაკკინლის უამრავი ტრავმა აქვს თავის არეში მიყენებული, მას ყოველდღიურად გაუსაძლისი ტკივილი და კრუნჩხვები აწუხებს, თუმცა ექიმების თქმით სიტუაცია დროსთან ერთად უნდა დასტაბილურდეს. ის ნორმალურად მეტყველებს და ხელჯოხით დადის. მისი ამჟამინდელი პრობლემები გულის 15-წუთიანმა გაჩერებამ გამოიწვია, როდესაც მისი ტვინის უჯრედები ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდნენ.
დედის განცხადებით, მაკკინლის ინციდენტამდე ცისფერი თვალები ჰქონდა, ხოლო ახლა, გადატანილი მძიმე ტრავმისა და რამდენიმე კლინიკური სიკვდილის შემდეგ, მისი თვალები მწვანე ფერისაა. დედის თქმით, მისი შვილი მთელი 15 წუთი იმქვეყნად იმყოფებოდა, რამაც მისი თვალის ფერზე იმოქმედა. ბიჭი, რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, უკვე სახლშია, სადაც ძალების აღმდგენ ფიზიო-თერაპიას გადის.

კომენტარები

სხვა სიახლეები