ქეთი დევდარიანი: „ეკლესიაში რეალურად გაცილებით უფრო მძიმედ სანახავი სერიალი მიდის, ვიდრე „ჩემი ცოლის დაქალების“ ათწამიანი ანონსია…“

„ჩემი ცოლის დაქალების“ ათწამიანმა თიზერმა, სადაც აშკარად წამყვანი ეკლესიის თემა იქნება და ანონსში მღვდლების გამოჩენამ სოციალური ქსელი ააფეთქა და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია. სერიალის სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, რასაკვირველია, ელოდებოდა გამოხმაურებას, მაგრამ რეზონანსმა მის მოლოდინსაც გადააჭარბა. ქეთი ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილი კრძალავს ეკლესიის თემასთან მიახლოვებას, ის მაყურებლის აზრს ითვალისწინებს, მაგრამ არა იმდენად, რომ ამ თემას არ შეხებოდა…
ელოდებოდით ასეთ დიდ გამოხმაურებას „ჩემი ცოლის დაქალების“ ანონსთან დაკავშირებით?

ქეთი დევდარიანი:
ველოდებოდი და გაკვირვებული არ ვარ… ყველა კომენტარს ვერ გავეცანი, მაგრამ ვნახე გამოხმაურებები, აზრი ორად გაიყო. ანაფორა რომ გამოჩნდა სერიის თიზერში, რასაკვირველია, მოსალოდნელი იყო მაყურებლის ასეთი რეაქცია. მე-12 სეზონი უცნაურად იწყება, მაგრამ ვერ ვიტყვი, როგორ. შინაარსთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შემიძლია.
ორად გაყოფილ აზრს შორის ასეთიც იყო, რომ „ჩცდ“ ციანიდის საქმეს შეეხება…
ციანიდის საქმეზე მე რაღა უნდა დავწერო, როცა თვითონ სერიალად მიდის ეს ამბავი… ჩვენ ყველა სეზონის წინ ძალიან დიდი გამოხმაურება გვაქვს და ყოველ ჯერზე არის ისეთი თემები, მაგალითად, ღალატის, ტრანსგენდერის, რომელსაც მაყურებლის მძაფრი რეაქცია მოჰყვება ხოლმე, თუმცა ის, რაც ახლა მოხდა, თიზერის ნახვების რაოდენობასა და გამოხმაურებას ვგულისხმობ, მოლოდინს ნამდვილად აჭარბებს და ეს გააკეთა ანაფორამ… არ ვიცი, რა ჰგონია მაყურებელს, მაგრამ ვფიქრობ, ეკლესიაში რეალურად გაცილებით მძიმე სანახავი სერიალი მიდის, ვიდრე „ჩემი ცოლის დაქალების“ ათწამიანი ანონსია, თავისი ნაღვლის ბუშტებით, თოჯინებითა და საპატრიარქოს ბიუჯეტით.
ეკლესიის თემას რომ შეეხეთ, ეს საკმაოდ დიდ სითამამეს მოითხოვდა თქვენგან…
ვიღაცები გვიკრძალავენ ეკლესიის ხსენებას. ზოგადად, მაყურებლის აზრი უნდა გაითვალისწინო და ვითვალისწინებთ კიდეც, თუმცა მნიშვნელოვან კომპრომისებზე არ უნდა წახვიდე. სულ ისეთ რაღაცას ვერ გააკეთებ, რაც ყველას მოეწონება. აუცილებლად გამოჩნდება საზოგადოების ნაწილი, რომელსაც არ მოეწონება გარკვეული გადაწყვეტილებები… მაგრამ მათ ისე უკვირთ ხოლმე სერიალში წამოწეული თემები, თითქოს ვცხოვრობთ უნაკლო საზოგადოებაში, არადა, ჩვენ გვიწევს ცხოვრება ფარისევლურ საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენ, სერიალის საშუალებით, აუცილებლად დავცინებთ ნაკლოვანებებს, რომლებსაც ვხედავთ…

https://www.youtube.com/watch?v=biw02eZ7-QE

წყარო:http://fortuna.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები