“ჩემი ცოლის დაქალებს” ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება – სერიალის ეთერში გასვლამ შესაძლოა, ერთი კვირით გადაიწიოს

მეათე სეზონის ხმაურიანი ფინალის შემდეგ, მაყურებელი პოპულარული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალების” ტელეეკრანზე დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება.
იმის გამო, რომ გასული სეზონი ახალ-ახალი სიუჟეტითა და ხაზით იყო დატვირთული, ცხადია, მაყურებელს აინტერესებს, როგორ გაგრძელდება საყვარელი პერსონაჟების შემდგომი ბედი მეთერთმეტე სეზონში. ამის დასადგენად “ჩემი ცოლის დაქალების” პროდიუსერს ირაკლი საღინაძეს დავუკავშირდით:
– მუშაობას იგივე სულისკვეთებით ვაგრძელებთ, როგორც აქამდე. ყოველთვის ასეა, ვცდილობთ, ყოველი ახალი სეზონი ახალი სიმძაფრით, ემოციებით, თემატიკით იყოს დატვირთული. როდესაც ასეთ გრძელვადიან პროექტზეა ლაპარაკი, მას მუდმივად უნდა რაღაც ახალი ფერის ჩასხმა და მიმატება, იმისთვის, რომ მაყურებელმა არ მოიწყინოს.
ცოტა ხანში საკმაოდ გრძელ სეზონს დავიწყებთ, რომელიც ივლისის ბოლომდე გასტანს. შესაბამისად, როგორც ახალი, ისე არაერთი ძველი მოვლენა გაცოცხლდება, საინტერესო სიუჟეტი, ამბავი განვითარდება, მაგრამ წინასწარ, დეტალებზე საუბრისგან, როგორც ყოველთვის, თავს შევიკავებ.
– გასული სეზონი “ნორა ბიცოლას სამგლოვიარო ფოტოთი” დასრულდა, რაც შემდგომ დიდი მითქმა-მოთქმის საბაბად იქცა, რადგანაც ნორა გაბისკირიას ფოტოს ნაცვლად, მაყურებელმა ჰანა არენდტის (XX საუკუნის მოაზროვნე, ფილოსოფოსი) უზარმაზარი სურათი იხილა. ეს მართლაც შეცდომა იყო, თუ შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი?
– შეცდომა კი არა, ჩვეულებრივი ხუმრობა გახლდათ. მართლაც ეს იყო ჰანა არენდტის ფოტო და ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. “ნორა იყო ბრძენი ქალი”, როგორც ამას გრიშა კაკაჩია ამბობს და იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ერთ-ერთი ბრძენი ქალი, ფილოსოფოსი, მოაზროვნე, უამრავი ნოვაციის ავტორი, მისი ფოტო, როგორც ბრძენი ქალის სტერეოტიპი, ნორა გაბისკირიას ვიზუალად გამოვიყენეთ… ეს ჩვენი ზედაპირული ხუმრობა იყო. ვინც ჰანა არენდტის შესახებ იცოდა, ხომ მიხვდა ყველაფერს და ვინც არა, გაიგო მაინც, ვინ იყო ეს დიდი ადამიანი. ამ ფოტოს თავიდან ბოლომდე ასეთი დატვირთვა ჰქონდა.
– მართალია, ახალი სეზონის დეტალებზე წინასწარ არ საუბრობთ, მაგრამ ის მაინც გვითხარით, ბევრი ახალი პერსონაჟი შეემატება სერიალს?
– დროთა განმავლობაში ახალი პერსონაჟები და ხაზები დაემატება, ხომ ვამბობ, არაერთი სიახლე იქნება… სერიალის მიმდინარეობისას მაყურებლის ემოციებს, რეაქციას ვიღებთ, მათ შეფასებებს სერიოზულად ვაკვირდებით, რაც ზოგადად ანალიზის საფუძველს გვაძლევს, რომ რაღაც დასკვნები გავაკეთოთ და შემდეგ აქცენტები დავსვათ. მუდმივად ამ პროცესებთანაა მიბმული სერიალში ამა თუ იმ ხაზის განვითარება, – რაღაცის შენელება, თუ გაღრმავება, – მოკლედ, ყველაფერი საზოგადოების განწყობაზეა დამოკიდებული.
– როდის დაიწყება ახალი სეზონი?
– ვგეგმავთ, რომ 4 მარტისთვის ეთერში გავიდეთ. ამჟამად ძალიან რთული გადაღებები მიმდინარეობს: ეს არის დაკრძალვის სცენები, რომლის ნაწილზე როგორც სამეგრელოში, ისე – თბილისში ვმუშაობთ. არის მასობრივი სცენები, რაც ტექნიკურად ცოტა რთული გადასაღებია. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე შეფერხებას წავაწყდეთ. 4 მარტს კია დაგეგმილი, თუმცა ამ ტექნიკური საკითხების გამო შეიძლება ეთერში გასვლამ ერთი კვირით გადაიწიოს.
ერთდროულად ექვსი სერიაა ჩაშვებული, ჯგუფები მუდმივად იღებენ სხვადასხვა სერიის სცენებს, ისე არ არის, რომ ერთ სერიას თავიდან ბოლომდე ვიღებთ. თუმცა მუშაობა გაუჩერებლად დღე და ღამე მიმდინარეობს.

როგორც ჩცდ-ს მთავარი პროდიუსერი, თქვენივე პროდუქტის როგორი მაყურებელი ხართ?
გულწრფელად გეტყვით, – ყველაზე კრიტიკული, თუმცა არა, ყველაზე კრიტიკული, ქეთი დევდარიანია (სერიალის სცენარისტი. – ავტ.). საერთოდ, თვითკრიტიკისა და ირონიის გარეშე მუშაობა შეუძლებელია, თუ ხიბლში ჩავარდი და საკუთარი ნამოქმედარით ტკბობა დაიწყე, ვერასდროს საღად ვერ შეაფასებ იმას, რასაც აკეთებ.
– ის ადამიანები, ვინც კადრში ჩანს და ვისაც მაყურებელი იცნობს, ყოველთვის ამართლებენ?
– მეტ-ნაკლებად, ანუ ზოგი მეტად, ზოგი – ნაკლებად და ესეც წინასწარი მუშაობის თემაა. ქასტინგებზე, მსახიობების შერჩევაზე დიდი დრო იხარჯება. მიმდინარეობს საუბარი, მსჯელობა, ანალიზი, რაც რეჟისორის, გიორგი ლიფონავას დამსახურებაა. როგორც წესი, ამას თავის თავზე გიორგი იღებს იმიტომ, რომ მან უნდა დააყენოს და შექმნას ქცევის ის მოდელი, რომელიც შემდგომ ამა თუ იმ პერსონაჟს ახასიათებს. ამიტომ, ეს გარდა სცენარისტის მუშაობისა, ქასთინგის რეჟისორის და სხვადასხვა რგოლის პროცესში ჩართულობის შედეგია, რასაც საბოლოოდ მსახიობი ეკრანზე აჩვენებს. დიახ, რეჟისორის ოსტატობაა, როგორ შეძლებს გახსნას ხასიათი, მსახიობის შესაძლებლობები, – ადამიანი როლს მოარგოს და შეძლოს სწორი ემოციით, დინამიკით, აქცენტებით ყველაფერი მაყურებელს მიაწოდოს.
– ბოლო სეზონმა აჩვენა, რომ არაპროფესიონალი მსახიობები ტოლს არ უდებენ პროფესიონალებს.
– ნამდვილად ასეა. უამრავ ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა. როცა ამ პროცესში ხარ, ხანდახან ინფორმაცია თავისით მოდის და ამა თუ იმ ნიჭიერი ადამიანის შესახებ მოგვდის ცნობები და როდესაც როლისთვის მსახიობი გვჭირდება, მაშინვე გვახსენდება ის ადამიანი და ვუკავშირდებით, ქასთინგზე ვიწვევთ. ასეთი პიროვნებების აღმოჩენაში სოციალური ქსელიც გვეხმარება, ამისთვის ის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, არ ვჩერდებით და მუდმივად ჩართულები ვართ პროცესში, რომ მაყურებლის მოლოდინი არ გავაწბილოთ.

წყარო:http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები