როგორ მოვიქცეთ, თუ სარეკლამო შეტყობინებას, რომელსაც მობილურზე ვღებულობთ, არ ახლავს SMS OFF – ბლოგი
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ “ვაიბერის” მეშვეობით, სრულიად მოულოდნელად შეტყობინება მივიღე, სადაც ტაქსის კომპანია „მაქსიმი“ სერვისს მთავაზობდა. ერთი შეხედვით, უცნაური ამაში არაფერი იყო, რადგან მსგავსი შეტყობინებები სხვა კომპანიებისგანაც არაერთხელ მომსვლია. მითუმეტეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის თანახმად, კომპანიებს მარკეტინგის პირდაპირი ფორმით განხორციელების სრული უფლება აქვთ. ამაში იგულისხმება მომხმარებლებთან როგორც ტელეფონით, ისე სოციალური ქსელით დაკავშირება, SMS შეტყობინებების და ელექტრონული შეტყობინების გაგზავნაც. თუმცა, თითოეული სარეკლამო შეტყობინება, ტექსტთან ერთად, უარის თქმის მექანიზმსაც უნდა შეიცავდეს. ამ შემთხვევაში კი, SMS OFF-ს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს მიერ მიღებულ შეტყობინებაში მსგავსი არაფერი ეწერა, გადავწყვიტე, კომპანიის წარმომადგენლებს დავკავშირებოდი და გამერკვია თუ რასთან გვქონდა საქმე – ტექნიკურ ხარვეზთან თუ კანონის უხეშ დარღვევასთან.
„მაქსიმის“ წარმომადგენელმა ლექსო ანდღულაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ მსგავსი რამ გამორიცხული იყო, რადგან ყველა ის შეტყობინება, რომელიც მომხმარებელს კომპანიის სერვისის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა, მისი გამორთვის მექანიზმსაც შეიცავდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩემს მობილურ ტელეფონზე შეტყობინების სახით მიღებული „სქრინი“ გავუგზავნე, გადაწყვიტა, რომ კომენტარიც მოეცა და მასთან ერთად ახსნა-განმარტებაც.
„შეგვიძლია, გამოგიგზავნოთ იმ სტანდარტული SMS შეტყობინების მაგალითი, რომელიც მომხმარებლებთან იგზავნება. იქ ყველაფერია მითითებული, SMS OFF-იც. თუ რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რატომ არ შეიცავს შეტყობინება SMS OFF-ს, ახლა გავარკვევთ. ის, რომ SMS OFF ყველა შეტყობინებას უნდა დაერთოს, ეს, რა თქმა უნდა, ვიცით და გათვალისიწინებული გვაქვს. წელიწადზე მეტია, რაც სარეკლამო შეტყობინებებს ვაგზავნით, რომელშიც SMS OFF მითითებულია. თუმცა, ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ეს არ იყო. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ, თუ ვისთან მივიდა და საერთოდ, რატომ მოხდა ასეთი შეცდომა“, – განაცხადა ანდღულაძემ.
საუბრის შემდეგ მან იმ სტანდარტული შეტყობინების ასლი გამოგზვანა, რომელიც მომხმარებლებთან იგზავნებოდა. მასში მართლაც იყო მითითებული შეტყობინების გამორთვის მექანიზმი, თუმცა, როგორ მოხდა სოციალურ ქსელში კომპანიის სახელით ისეთი შეტყობინებების გაგზავნა, სადაც SMS OFF მითითებული არ იყო, ამ შეკითხვაზე მას პასუხი ვერ გაგვცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზემოთხსენებულ კომპანიას შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული სარეკლამო კომპანია msg-სთან, რომელიც მომხმარებლებთან შეტყობინებების გაგზავნას უზრუნველყოფდა. ჩვენ აღნიშნულ კომპანიასაც დავუკავშირდით, თუმცა, იქ განაცხადეს, რომ მათი სერვისი სოციალურ ქსელებზე, მათ შორის, „ვაიბერზე“ არ ვრცელდებოდა. შესაბამისად, იმ შეტყობინების გაგზავნაზე, რომელიც გუშინ “ვაიბერით” მივიღე, პასუხისმგებლობა მათაც მოიხსნეს.
ჩემთვის, ასევე, საინტერესო იყო იმის გარკვევა, თუ საიდან ჰქონდა ტაქსის კომპანიას წვდომა ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომელიც ჩემი ერთ-ერთი პერსონალური მონაცემია. თუმცა, ამ შეკითხვაზე კომპანიის წარმომადგენელმა მიპასუხა, რომ სარეკლამო შეტყობინებები იმ მომხმარებლებს ეგზავნებათ, რომლებსაც „ერთხელ მაინც უსარგებლიათ ჩვენი კომპანიის სერვისით”. ახლა ისმის მეორე შეკითხვა, თუ აღნიშნული შეტყობინების გამოგზავნაზე პასუხისმგებლობას იხსნის ტაქსის კომპანია და ის სარეკლამო კომპანიაც, რომელთანაც მას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ვინ აგებს პასუხს კანონის დარღვევაზე და ვის დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისგება.
ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც სარეკლამო კომპანიები არ იცავენ კანონით გათვალისიწნებულ ყველა ვალდებულებას. “ამბავი რომელსაც თქვენ მიამბობთ პირველი შემთხვევა არ არის. ხშირად ხდება, რომ მაგალითისთვის, ადამიანი შპს -ს არეგისტრირებს, უთითებს მის სრულიად ახალ ტელეფონის ნომერს და ელექტრონულ ფოსტას, თუმცა კომპანიის რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში მას რეკლამები და სხვადასხვა სახის სპამები ეგზავნება. ჩემი აზრით, ერთადერთი რისი გაკეთებაც მომხმარებელს შეუძლია ის არის, რომ გამოიყენოს SMS OFF მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ის აღარ მიღებს შეტყობინებას. თუ ეს მექანიზმი შეტყობინებაში არ არის, მაშინ საუკეთესო გზა ის იქნება თუ მომხმარებელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართავს და იქ გაასაჩივრებს მის პრობლემას“, -აცხადებს კაპანაძე.
“კიბერ კვირა” პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსაც დაუკავშირდა სადაც შემდეგი განაცხადეს:
„თუ თქვენ მიიღეთ სარეკლამო ხასიათის შეტყობინება, სადაც არ იყო მითითებული შეტყობინების შემდგომ მიღებაზე უარის თქმის მექანიზმი, გთხოვთ, მოგვმართოთ განცხადებით და არსებობის შემთხვევაში, დაურთოთ შესაბამისი მტკიცებულებები, მაგალითად, მიღებული შეტყობინების ფოტოსურათი. თქვენი განცხადების საფუძველზე ინსპექტორი შეისწავლის საქმის გარემოებებს და ორგანიზაციას, რომელმაც დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა“.
შეკითხვაზე, თუ ვინ დაჯარიმდებოდა ასეთ შემთხვევაში ტაქსის კომპანია თუ სარეკლამო კომპანია, რომელთანაც მას შეთანხმება ჰქონდა გაფორმებული, აპარატში განაცხადეს, რომ ეს გამოძიების საგანი იყო. სარეკლამო შეტყობინებაში უარის მექანიზმის არარსებობა სოლიდური ჯარიმით ისჯებოდა.
„ჩვენ გამოვიკვლევთ, თუ რომელი ორგანიზაციის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა ამ შეტყობინებების გაგზავნა და მასში უარის თქმის მექანიზმის არსებობა და დამრღვევ ორგანიზაციას დაეკისრება ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით”, – განაცხადეს აპარატში.
მსგავსი ფაქტების ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთისთვის, საინტერსო პრაქტიკა იქნებოდა, საჩივრით მიმართვა, მაგრამ უმჯობესია, თუ ამ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციით შემოვიფარგლებით. ჩვენ ვაცნობეთ ტაქსის კომპანიას, რომელიც, დიდი ალბათობით, გაითვალისწინებს აღნიშნულ ფაქტს და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებულ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება.
ნინი ჯაფარიძე