ლეგენდარული ჯგუფი Roxette 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ზაფხულში დიდ ტურს გეგმავდა, თუმცა კონცერტები გაუქმდა. მუსიკოსების განცხადებით, ჯგუფის ვოკალისტს, მარი ფრედრიქსონს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ექიმებმა მას მოგზაურობის და კონცერტების გაუქმება ურჩიეს.
საქმე ისაა, რომ 2002 წელს მარის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. მაშინ დაავადებასთან ბრძოლამ გაამართლა, თუმცა 2015 წელს მომღერალს კვლავ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მარიმ განაცხადა, რომ დაავადებამ მის გადაადგილებაზე და მეხსიერებაზე იმოქმედა. საიუბილეო ტური 3 ივნისს უნდა დაწყებულიყო. კონცერტების გაუქმების მიუხედავად, ჯგუფი ახალ ალბომზე განაგრძობს მუშაობას. „ეს მშვენიერი 30 წელი იყო. ვამაყობ იმით, რომ 2009 წელს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სცენაზე დაბრუნება მოვახერხე და Roxette-თან ერთად კიდევ რამდენჯერმე ვიმოგზაურე მსოფლიოში. სამწუხაროდ, ჩემი საგასტროლო დღეები დასრულებულია, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს ფანატებს ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა მომღერალმა.
ცნობისთვის, არსებობის ისტორიის მანძილზე, ჯგუფმა Roxette-მ 557 კონცერტი ჩაატარა.