დიდი აურზაური თბილისის ზოოპარკის საბავშვო ბაღში, – ამ სათაურით ფეისბუქში ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო განთავსდა.
ზოოპარკის ადმინისტრაცია ვიდეოს ტექსტსაც ურთავს თან: “ცოტა ხნით ჩვენს მხიარულ საბავშვო ბაღში შეგაჭყიტებთ. ჩვენი პატარა ჰამადრილი ევა და თეთრი ვეფხვის ბოკვრები ერთ ოთახში იზრდებიან. ძალიან შეეჩვივნენ ერთმანეთს, დამეგობრებაც მოასწრეს და არც თამაშსა და გართობაზე ამბობენ უარს. გადმოხტება ეს ახტაჯანა გოგო ევა და დაქრის ჭინკასავით მთელ ოთახში. ხან საძინებელში შეუვარდება ზოლიან ბავშვებს, ხან ყურებში ჩააფრინდება, ხანაც ბეწვზე ებღაუჭება მასთან შედარებით ჯერ კიდევ მოუქნელ ბოკვრებს. ისინი კიდევ, პატარა ბოთეები, დაბნეულები დასდევენ და ცდილობენ როგორმე მოიხელთონ ვერცხლისწყალივით მოუსვენარი და აბეზარი მაიმუნი“, – აღნიშნავენ ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=8_Hb9Jtw158[/youtube]