მიიღებს თუ არა წელს „ოსკარს“ ლეონარდო დიკაპრიო, უცნობია, თუმცა მსახიობის ერთი ოცნება ნამდვილად ახდება. როგორც კი დიკაპრიომ ინტერვიუში ღიად განაცხადა, რომ პუტინის როლის შესრულებაზე ოცნებობს, მისმა ოცნებამ ასრულება დაიწყო.
ფილმზე, სახელად „პუტინი“ მუშაობა უკვე დაწყებულია. მთავარი როლის შესრულებაზე დიკაპრიომ, რა თქმა უნდა, თანხმობა განაცხადა. ფილმის გვერდი საიტზე: IMDB უკვე არსებობს, სადაც მითითებულია, რომ ფილმის პროდიუსერი მარკ დეიმონი იქნება.
როგორც ფილმზე მომუშავე კომპანიის – Knights Bridges Entertainment-ის რუსი წარმომადგენლები აცხადებენ, ფილმი პოლიტიკური ტრილერი იქნება, რომელიც საზოგადოებას პრეზიდენტის ცხოვრებასა და სამუშაოზე მოუთხრობს. ფილმის გადაღებები გაზაფხულზე იწყება. რუსეთის გარდა, გადაღებები აშშ-ში და ევროპაშიცაა დაგეგმილი. რეჟისორისა და სხვა მსახიობების ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა კულუარებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მასში მონაწილეობას მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ვარსკვლავები მიიღებენ. ფილმის პრემიერის თარიღად 2017 წლის გაზაფხული სახელდება. ასე რომ, თუ დიკაპრიო ამჯერადაც „უოსკაროდ“ დარჩება, მომავალ წლებში მას მასზე წარდგენის შანსი ნამდვილად ექნება.
Next Post
სხვა სიახლეები