არასოდეს გაგჩენიათ კითხვა, მაინც რა თილისმა უდევს საფუძვლად მსოფლიო გლობალური სოც-ქსელის ამგვარ კოლოსალურ პოპულარობას? დამეთანხმებით, არაერთი სხვა ქსელი არსებობს ინტერნეტში ”ფეისბუქის” პარალელურად. მაგრამ რატომ ხდება ისე, რომ დედამიწის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მაინც ცუკენბერგის გამოგონილი ინტერნეტ-სათამაშოთი ერთობა?
ათი წლის წინ, ზუსტად 2004 წლის 4 თებერვალს მაშინ ჯერ კიდევ არაფრით ცნობილმა ახალგაზრდამ ვინმე მარკ ცუკენბერგმა ინტერნეტში ახალი საიტის, მოკრძალებული მისამართი დაარეგისტრირა – thefacebook.com. თუმცა ალბათ თავადაც არ ელოდა მისი ქმნილების იმ კოლოსალურ შედეგებს, რაც მას ათი წლის შემდეგ საკუთარი „ინტერნეტ-პირმშოს“ პოპულარიზაციამ მოუტანა.
მოდით, გადავხედოთ მსოფლიო მეგა სოც-ქსელის დაბადების რუკას და გავიგოთ, მაინც რომელ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა იგი?
დავიწყოთ იმით, რომ ფეისბუქი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყნიერებას. მერწყულის მმართველი ურანი კი ყველაფერი ახლის, ნოვაციის და რეფორმატორული მიდგომის ”კურატორია”. გარდა ამისა, თავად ინტერნეტ-კომუნიკაციის თემა, ასტროლოგების აზრით, მეთერთმეტე – მერწყულის სახლის მმართველობაშია. ყველას კარგად მოეხსენება მერწყულის მეგობრული, კომუნიკაბელური ხასიათის შესახებ. ზოდიაქოს ამ ნიშანს არც სოციალური დაყოფა, არც რასობრივ-იერარქიული კიბე და არც გენდერული დისბალანსი არ ადარდებს. ამიტომაც იქცა ”ფეისბუქი” ნებისმიერი სქესის, ეროვნებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანისთვის მყუდრო თავშესაფრად და საკუთარი იდეების, ღიად დასაფიქსირებელ პოლიგონად.
თუმცა, ფეისბუქის კოსმოგრამაზე რამდენიმე, საკმაოდ სპეციფიკური ასპექტი ფიქსირდება. რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ ის, რომ მიუხედავად კომფორტულობისა, შავი მთვარის მდებარეობა ტყუპის ზოდიაქოში მიანიშნებს იმას, რომ მსოფლიო სოც-ქსელი ერთი შეხედვით მეგობრული და გულახდილი ატმოსფეროს შექმნის მიუხედავად, საკმაოდ სახიფათო მახეს წარმოადგენს ნებისმიერისთვის, ვინც საკუთარ სიტყვებს (ტყუპის სფერო) და აზრებს დაუფიქრებლად აფრქვევს მის ფარგლებში. შავი მთვარე ტყუპის ზოდიაქოში, ინფორმაციული უსუფთაობის კარმას ნიშნავს. თუმცა, იგი ასევე კარგ საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც ”ფეისბუქს” პროფესიული მიზნით იყენებს.
ასე რომ, ჩემო კარგებო, ნუ დახარჯავთ დროს ამაო ლაქლაქში. გახსოვდეთ, რომ ამგვარი ჭორაობა არამხოლოდ თქვენს თავისუფალ დროს და ენერგიას, მნიშვნელოვან ინფორმაციასაც ღრუბელივით იწოვს და არავინ იცის, ერთ დღესაც რა ტიპის პრობლემის სახით შეიძლება იჩინოს მან თავი, თქვენს ცხოვრებაში. მით უმეტეს თუ თქვენს პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე ტყუპის ზოდიაქოშია ან ლილიტთან შეერთებული მერკური ფიქსირდება.
წყარო: astrologi.ge