შორენა ბეგაშვილი: შერონ სტოუნი რა დღეში იყო, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვიდა, ხელები დაუკოცნეს

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი თამამი როლების გამო, ხშირად გაუკრიტიკებიათ. ჰქონია პერიოდი, როდესაც ამას ძალიან განიცდიდა, თუმცა დღესდღეობით ხალხის აზრი ნაკლებად აინტერესებს.

ბეგაშვილს ჟურნალი „სარკე“ ესაუბრა.

– როცა შენ თვითონ იცი, ვინ ხარ, სხვისი აზრი აღარ გაინტერესებს. თავიდან მიკვირდა, ჩემნაირი თამამი როლები ყველა მსახიობს აქვს, აგერ, შერონ სტოუნი რა დღეში იყო, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვიდა, ხელები დაუკოცნეს. როლს და რეალურ ცხოვრებას ვერ ასხვავებენ და ეს მათი პრობლემაა.

მე ჩვეულებრივად ვცხოვრობ, შვილს ვზრდი და ეს ყველაფერი აღარ მაინტერესებს. მას შემდეგ, რაც გამოვჩნდი, ვმუშაობ და არასდროს მეცალა, ლანძღვისთვის ყურადღება მიმექცია.

– „ფლეიბოი“ – საზოგადოებამ ამ სკანდალური ჟურნალით გაგიცნოთ. როგორი იყავით მაშინ და დღეს ხომ არ ნანობთ იმ ნაბიჯს?

– არაფერს ვნანობ. იმ პერიოდში ერთი შეშინებული გოგო ვიყავი, რომელიც ფიქრობდა, როგორ გამოუვიდოდა ფოტოსესია, ვინ რას იტყოდა. ახლა თავდაჯერებული ქალი ვარ, რომელიც ყველას პასუხს გასცემს, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია ექნება. დღეს ზედმეტს არავის არაფერს ვათქმევინებ. იყო პერიოდი, როცა ჩავიკეტე, როლები აღარ მინდოდა. ყველა ოჯახში ჩემს საქმეებს არჩევდნენ, ყველაზე მეტს მაშინ ჭორაობდნენ, როცა შეყვარებული არც კი მყავდა. ახლა ვხვდები, რომ ხალხს არ უნდა აყვე და შენი საქმე აკეთო.

– ოჯახი, მშობლები რას გეუბნებოდნენ, როგორ რეაგირებდნენ ასეთ შეფასებებზე?

– ყველანაირად მხარში მედგნენ. მათ ძალიან კარგად იციან, როგორი შვილი ჰყავთ. იმ პერიოდში, როცა შერონ სტოუნი საქართველოში ჩამოვიდა, მისი ხელი რომ ჩაიგდეს ხელში და მოკვდნენ ხელზე კოცნით, მეცინებოდა. ვფიქრობდი, დავიჯერო, შერონ სტოუნს ჩემზე ნაკლები თამამი როლები აქვს ნათამაშები-მეთქი. ჩემზე ამბობდნენ, შორენამ საქართველო გარყვნაო. ალბათ მეც სხვაგან უნდა მეცხოვრა, რომ ჩემი კინოროლები დაეფასებინათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები