ქართველი გოგონა, რომლითაც იტალიური მოდის ინდუსტრია დაინტერესდა

მარიამ არჩემაშვილი 18 წლის ქართველი გოგონაა, რომელსაც მოულოდნელად ეწვია სერიოზული აღიარება. ამ გოგონას ჯერჯერობით უფრო მეტად სოციალური ქსელის მომხმარებელი იცნობს, რადგან მის ფოტოებს გამუდმებით აზიარებენ მისი თაყვანისმცემლები. მალე ალბათ ცნობილი ჟურნალების გარეკანებს დაამშვენებს, არა მხოლოდ საქართველოში, რადგან მისით იტალიის მოდის ინდუსტრია დაინტერესდა. კიდევ უფრო საინტერესოა მარიამი იმითაც, რომ ბუნებრივი სილამაზე აქვს და როგორც ინტერვიუში გამოტყდა, არ უყვარს მაკიაჟი.

– მარი, 18 წლის ხარ და სად სწავლობ?
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ფილოლოფიურ ფაკულტეტზე.

– ბავშვობიდან თუ გიფიქრია მოდელობაზე, შენი გარეგნობის გამო, და თუ გრძნობდი საერთოდ, რომ გამორჩეული გარეგნობა გქონდა?

– რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, არასდროს მიფიქრია მოდელობაზე, ყოველთვის მსახიობობაზე ვოცნებობდი. არც ის მიფიქრია ოდესმე, რომ კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდი და მეტიც, თითქმის არავის არასდროს არ უთქვამს, “რა ლამაზი ხარო”, ან რაიმე მსგავსი…

– გასაკვირია… გვიამბე, როგორ აღმოგაჩინა აგენტმა – გიორგი პაპიძემ, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი იტალიელი მოდელის, ბიანკა ბალტის სოციალური მედიის ასისტენტი?

– გიორგიმ შემთხვევით დამინახა ჭავჭავაძის გამზირზე – უნივესიტეტში მივრბოდი ლექციაზე, დამედევნა და გამაჩერა. იქვე მთხოვა, გვეთანამშრომლა. თავიდან გამეცინა და ვუთხარი, მე მგონი სხვა გოგონა გჭირდებათ მოდელობისთვის-მეთქი, ამაზე უკვე გიორგის გაეცინა და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ დამითანხმა და დამარწმუნა, რომ მოდელობა უნდა მეცადა… ვცადე და გამოვიდა. ამ ეტაპზეც ძირითადად ისევ მომზადების პროცესში ვარ, რადგანაც სამოდელო სფეროში თვეზე მეტია ვარ. პირველი წარმატება კი, რაც იყო, ეს გახლავთ იტალიური ბრენდის Le Colajans-ის სარეკლამო გადაღებებში მონაწილეობა, რაც შემომთავაზეს და ამისთვის ვემზადები.
– ოჯახი როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას და ზოგადად, შენს ამ სფეროში გადასვლას?
– თავიდან არც ისე სერიოზულად უყურებდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ნელ-ნელა უკვე იმდენად შევიდნენ როლებში, დიეტის დარღვევასაც დიდი ემოციებით ხვდებიან.– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს – ამ სფეროში აპირებ გაგრძელებას თუ ისევ შენს ძირითად პროფესიას დაუბრუნდები?

– ძირითადი საქმე ამ ეტაპზე სტუდენტობაა, რასაც თავს არავითარ შემთხვევაში არ დავანებებ, ვსწავლობ ფილოლოგიურზე და ბოლომდე მივიყვან განათლების საკითხს, მაგისტრატურის ჩათვლით. რაც შეეხება სამოდელო სფეროს, ვცდილობ ჩავდგე ფორმაში და როგორც კი ფორმაში ვიქნები, ველოდები კონტრაქტს, რის შემდეგაც დაიწყება ჩემი ნამდვილი სამოდელო კარიერა. ვნახოთ, როგორ განვითარდება ყოველივე ეს, მოვლენებს წინ არასდროს არ ვუსწრებ.

– როგორც ვიცი, სამოდელო სტანდარტებს რომ მაქსიმალურად მოერგო, წონაში დაკლებას ცდილობ. რამდენად ჯანსაღად ხდება ეს, ხომ არ უქმნის საფრთხეს შენს ჯანმრთელობას – ჩვენ არაერთი ამბავი გვაქვს წაკითხული, ახალგაზრდა მოდელები არაჯანსაღი კვებით და დიეტებით ანორექსიის პრობლემამდე რომ მისულან. რას ფიქრობ ამაზე?

– წონაში დაკლებას  აქტიურად ვცდილობ, ვვარჯიშობ სპეციალურ ფიტნეს დარბაზში და ვიკვებები მათი დანიშნულებით, რაც აბსოლუტურად სწორი კვების რეჟიმს გულისხმობს. წესით, რამდენიმე კვირაში უნდა ვიყო ფორმაში და მზად ვიქნები საერთაშორისო კონტრაქტისთვის.– რას ურჩევ შენს თანატოლ ან მოზარდ გოგონებს, რომლებსაც უნდათ, სამოდელო სფეროში წარმატებას მიაღწიონ?

– ივარჯიშონ, იკვებონ სწორად და დაუკავშირდნენ გიორგი პაპიძეს (იცინის).

– უკვე გარკვეულწილად გახდი პოპულარული და ხომ არ გახდა ეს შემაწუხებელი? მით უმეტეს, ასეთ დროს კრიტიკაც და ხანდახან ბოღმაც ჩნდება…

– საერთოდ არავინ არ მაწუხებს და ვიღებ მხოლოდ დადებით კომენტარებსა და რეპლიკებს.

– თავს თუ უვლი განსაკუთრებულად? რამდენად ხშირად იკეთებ მაკიაჟს და კოსმეტიკის რომელი ნივთია შენთვის ყველაზე შეუცვლელი – პომადა, ტუში, ფერუმარილი, თვალის ჩრდილი….

– თავს განსაკუთრებულად არ ვუვლი, რაც შეეხება მაკიაჟს, არ მიყვარს და არც ვხმარობ თქვენ მიერ ჩამოთვლილ არც ერთ ნივთს…
– თავად რომელი მოდელები მოგწონს და რა არის შენი პროგრამა მაქსიმუმი, რასაც ამ გადმოსახედიდან გინდა მიაღწიო?

– ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ კითხვას დამისვამდნენ ადრე თუ გვიან, მეგობრები მაინც, თუ ჟურნალისტები არა  ჩემი საყვარელი მოდელი იტალიელი ტოპ-მოდელი ბიანკა ბალტია, რომელსაც ვფიქრობ, რომ უნიკალური გარეგნობა აქვს. ჩემი მაქსიმუმი იქნება რომელიმე კომპანიის სახედ გახდომა, იქნება ეს ტანისამოსის ბრენდი თუ პარფიუმერიული, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ იმ წარმატებას მივაღწიო, რასაც ნებისმიერი დამწყები მოდელი ისურვებდა, მერე კი ყველაფერი ნელ-ნელა თავისით განვითარდება.
წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები