13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე ხნით ადრე ნაყიდი “ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე” და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის გულისამაჩუყებელი წერილი …
“გაბრიელის და ემილიას უსულო სხეულს ჯერ ისევ ოქროსფერი ქაღალდი ეფარა და მათ ჯიბეში დარჩენილი მობილურები დაუსრულებლად წკრიალებდნენ…” “ეს იყო ხმა, რომელსაც სიკვდილის გაცოცხლება სურდა…”
ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე…
დილით, საუზმეს რომ ამზადებდა, გაბრიელის საყვარელი ფინჯანი ხელიდან გაუვარდა და დაემსხვრა… კლაუდიამ შუბლზე აკოცა შვილს და პირობა მისცა, სამსახურიდან დაბრუნებამდე აუცილებლად უყიდიდა ზუსტად ისეთივე ფინჯანს, რადაც უნდა დასჯდომოდა.
– მთელ პარიზს შემოვივლი და ვიშოვი, – ეუბნებოდა გაბრიელს და შოკოლადინს ძალით სტენიდა პირში, – აი, ეს ერთიც შეჭამე… შეჭამე და საღამომდე დაგავიწყდება…
გაბრიელი რომ გააცილა, თვითონაც შემოიცვა თხელი მანტო და ქალაქში გავიდა. შორს არც უფიქრია წასვლა. იქვე, ახლოს, რესპუბლიკის ქუჩაზე, საკონცერტო დარბაზის მოპირდაპირედ, ეგვიპტური სუვენირების მაღაზიაში შევიდა. თვალები სიხარულისგან გაუნათდა, როდესაც მსგავსი ფინჯანი ისევ აღმოაჩინა თაროზე და, ერთის ნაცვლად, ორი იყიდა: მალე ცოლს შეირთავს, იყოსო, – გაიფიქრა გულში.
შემდეგ საკონცერტო აფიშები გადაათვალიერა და სალაროსკენ გაეშურა. ჯერ სამი ბილეთი მოითხოვა. მერე იფიქრა: მე რაღა მინდა, ახალგაზრდები არიან, თან მთელი კვირაა, ერთმანეთს არ შეხვედრიანო და ერთი ბილეთი ისევ უკან დააბრუნა…
*** გვიან საღამოს გიჟივით გავარდა აივანზე… ქალაქი სირენების ხმამ შთანთქა…
– ვაიმე, შვილებო! – იყვირა და საკონცერტო დარბაზისკენ გაიქცა…
დღეს პროზექტურის კარებთან მდგარი, თმაგაწეწილი კლაუდია ყველას უყვებოდა, როგორ შეიძინა ბილეთები, რომელსაც თურმე “სიკვდილის პრემიერა” ეწერა ზედ, და გულმოსაკლავი ხმით კიოდა: – დამიბრუნეთ მესამე ბილეთი სიკვდილის პრემიერაზე დასასწრებად!
გაბრიელის და ემილიას უსულო სხეულს ჯერ ისევ ოქროსფერი ქაღალდი ეფარა და მათ ჯიბეში დარჩენილი მობილურები დაუსრულებლად წკრიალებდნენ… ეს იყო ხმა, რომელსაც სიკვდილის გაცოცხლება სურდა… მათ მეგობრები, ნათესავები, ან უბრალოდ ნაცნობები ეძებდნენ და ელოდებოდნენ…
პარიზი 2015 წ. 13 ნოემბერი
სულა სულაშვილი