გარდაცვლილი მსახიობი კოტე თოლორდავა მეოთხე შვილის, გოგონას ელენე-ლოლიტას დაბადებას ვერ მოესწრო. როგორც “სარკესთან” განო მელითაურის დედა თინა მენაბდე ამბობს, ახალშობილი მამამისს ძალიან გავს.
“ბავშვი 3 ოქტომბერს გაჩნდა, 3 კილო, 350 გრამი და 51 სმ. განოს საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა, გოგონა ძალიან ლამაზია, ელენე-ლოლიტა დავარქვით. ელენე ბებიის, კოტეს დედის პატივსაცემად დავარქვით, რაც შეეხება ლოლიტას, ეს სახელი განოს უნდოდა.
დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ჟურნალში ბეჭდავდა წერილებს და მისი ფსევდონიმი იყო ლოლა. ეს სახელი ძალიან უყვარს, მე ბავშვს ალბათ ლოლას დავუძახებ, განო რას დაუძახებს არ ვიცი.
უფრო მამამისს, კოტეს ჰგავს. ძალიან საყვარელია, სრულიად განსხვავებულია და-ძმებისგან. ისინიც ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ეს რაღაცნაირად დამოუკიდებელია, უკვე პერსონაა. მტირალა არ არის, თავისთვის წყნარადაა, ოდნავ წამოიტირებს მაშინ, როცა შია.
– რამდენადაც ვიცი, კოტემ ბავშვის სქესი არ იცოდა, არა?
– თუ არ ვცდები, პირველ ექოსკოპიაზე განოს უთხრეს, რომ ბიჭი დაიბადებოდა. მერწმუნეთ, კოტესთვის სულ ერთი იყო, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, რადგან გოგოც ჰყავდა და ორი ბიჭიც.
– განო ახლა როგორ გრძნობს თავს?
– ემოციურად მძიმე და დატვირთული ფონი აქვს. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. ძალიან ცუდადაა, მეტის თქმა არ შემიძლია.
– ახლახან კოტეს ამერიკული ჯილდო გადაეცა რეჟისორ ლევან ბახიას ფილმში მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის, ეს თქვენთვის სიხარულთან ერთად ალბათ უფრო დიდი ტკივილი იყო…
– პირველი, ვინც ეს გაიგო, განო იყო. ბევრი იტირა… საქართველომ ძალიან ნიჭიერი მსახიობი დაკარგა.
– როგორია თქვენი ოჯახის ცხოვრება კოტეს შემდეგ?
– მე პირადად ამ წამსაც ეს კოტეს მიერ გათამაშებული სპექტაკლი მგონია. მგონია, კარზე ახლა დააკაკუნებს და შემოვა. უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ადამიანი აღარ არის… ბავშვები კოტეს ძალიან ხშირად კითხულობენ, განსაკუთრებით – თარაში. მამა წავიდა, ზეცაშია, იქიდან მიყურებსო, ამბობს. ერთხელ ვიღაცამ კითხა, სად წავიდაო და ღმერთმა წაიყვანაო, უთხრა. მამა მიყურებს, მამა მიცავს და მიფარავსო, ამბობს. ტასო მამაზე არ საუბრობს, რადგან ძალიან განიცდის.
– განოც არ საუბრობს ამ თემაზე?
– არა, განო ძალიან ჩაკეტილია. ამ თემაზე ჩემთან არ საუბრობს და არც არავისთან.