„მოდი წავიდეთ, ჩქარა წავიდეთ,
სიმღერებს მაინც იქაც წავიღებთ,
ამათ შემყურე არსად დამტოვებს ღმერთი“…
ირაკლი ჩარკვიანი
მუსიკა ბერკეტია, ჩამოწევ და… შენი ჩუმი ხმითა და ჩაბნელებული ოთახით იქ აღმოჩნდები, სადაც შენი გონების ნაწილი განუწყვეტლივ ფიქრობს.
მუსიკა ალკოჰოლია, ნარკოტიკი… შენს გონებაში აღწევს და ფიქრებს გიშიშვლებს.
ერთ სიმღერას შეუძლია ორი ადამიანი ერთ საძილე ტომარაში შეიტყუოს, კომფროტის ახალ საზღვრებთან ერთად.
უმუსიკოდ გადიდკაცებულს, სჯობს მუსიკის ძიებაში მკვდარი. ამ ფრაზის ჩემებური ინტერპრეტაცია უფრო მომწონს, ვიდრე ყველასთვის კარგად ცნობილის, სადაც „მუსიკის“ ნაცვლად სიტყვა თავისუფლებაა ჩაკვეხებული. მოკლედ, კარგი სინონიმი მოვძებნე, რადგან ხელოვნების ეს დარგი ადამიანის „შიგნეულობის უბადლო განმათავისუფლებელია “.
თევზები ალბათ მუდმივად მუსიკის ძიებაში არიან. ხმას არასოდეს იღებენ…
საღამოს ფერმა Youtube-ზე ძრომიალისას საოცარი მელოდია აღმომაჩენინა. მამაჩემს კიდევ მოვპარე სიგარეტი და ღამის ცაზე კვამლის ტილოები ჩამოვკიდე.
კვამლი ნაცრისფერ ნოტებით ცდილობს სანოტო ხაზებზე Radiohead-ად იქცეს. მუსიკასა და თამბაქოს ერთმანეთის ესმით. ერთმანეთს კარგად უგებენ…
მუსიკა „პონტია“…
მუსიკა ინტიმია…
ლექსო მიგრიაული