„მის სამყარო 2015“ ინდიელთა ტომის წარმომადგენელი გახდა
მინსკში დასრულდა კონკურსი „მის სამყარო 2015“, რომელმაც პლანეტის ულამაზესი დაოჯახებული ქალი გამოავლინა.
გამარჯვებულის ტიტული კანადელ ეშლი ბურნჰემს მიენიჭა.
25 წლის მოდელი და მსახიობი ეშლი კელინგბულ-ბურნჰემი ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ ინდიელთა ტომის – კრის წარმომადგენელია და პირველი კანადელი ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
„მის სამყარო 2015“-ის გამარჯვებულთან ერთად ფინალში სამხრეთ აფრიკელი, უკრაინელი და კოსტა-რიკელი ლამაზმანებიც მოხვდნენ. როგორც გაირკვა, ეს ბურნჰემის პირველი გამარჯვება არ არის. 2010 წელს გამართულ კონკურსში მას ყველაზე მომხიბვლელი „მის კანადის“ ტიტული მიანიჭეს.
„ძალიან ვამაყობ ამ გამარჯვებით. მე ვარ პირველი ჩრდილოეთ ამერიკელ ინდოელებს შორის, რომელმაც „მის სამყაროს“ ტიტული მოიპოვა. ძალიან ბედნიერი ვარ“, – აღნიშნა ბურნჰემმა.
შეგახსენებთ, რომ „მის სამყარო“ საერთაშორისო თეატრალიზებული კონკურსია, რომელიც დაოჯახებულ ქალთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად 2007 წლიდან ტარდება. ამ ტიტულის მფლობელები ბულგარელი, ლატვიელი, ლიტველი, ფინელი, ვენესუელელი, კოლუმბიელი, მალაიზიელი და ამერიკელი ქალბატონები უკვე გახდნენ.