სიმრავლისა და სიჭრელის მიუხედავად, დღევანდელ ამერიკას, ძირითადად, მაინც ორი კატეგორიის უმდიდრესი ადამიანები ჰყავს. ერთნი ყოველ ცენტს დაჰკანკალებენ და სიცოცხლის ბოლომდე თვითმფრინავის ეკონომკლასით მგზავრობენ, მეორენი კი ფულს თითქოს, საერთოდ არ ითვლიან და პირადი “ბოინგის” გარდა, სხვა ტრანსპორტს უბრალოდ არ აღიარებენ.
სახელგანთქმული სამშენებლო მაგნატი, კომპანია “Trump Organization”-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელი მდიდრების მეორე კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანის საქმიანი წინსვლა მთელი ცამეტი წელი პრაქტიკულად შეუფერხებლად გრძელდებოდა და დღეს მულტიმილიარდერი ტრამპი მარტო მანჰეტენზე თითქმის 2 მილიონი კვადრატული მეტრი ფართის მქონე საუკეთესო უძრავი ქონების მფლობელია. ექსტავაგანტური გარეგნობითა (უფრო კონკრეტულად კი – ვარცხნილობით) და ასეთივე გამოხდომებით ცნობილი მაგნატი ხალხს თავის დავიწყების საშუალებას უბრალოდ არ აძლევს. აი, ახლაც, არც აცია არც აცხელა და ამერიკის პრეზიდენტობა და, შესაბამისად, საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმაც გადაწყვიტა. ჰოდა, დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: “საშინელმა ცხოველმა, რომელიც დონალდ ტრამპს თავზე წამოსკუპებია, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა”. – ენამწარედ აუწყეს საზოგადოებას ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა. “ამერიკული ოცნება მკვდარია, მაგრამ მე მას მკვდრეთით აღვადგენ”. – არ ჩამორჩა მათ სამშენებლო მაგნატი…
იმ დღეს (2015 წლის 16 ივნისს), როცა 69 წლის ტრამპმა პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლის დაწყების თაობაზე გამოაცხადა, “ფეისბუკის” 3,4-მა მილიონმა მომხმარებელმა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია 6,4-მილიონჯერ გააზიარა, სხვა სოციალური ქსელების საძიებო სისტემები კი მაგნატის ასაკთან, განათლებასა და ქონებასთან დაკავშირებული შეკითხვების დაკმაყოფილებას საერთოდაც ძლივსღა ასწრებდა. ასე რომ, ახლა, მაგალითად, “ტვიტერში”, დონალდ ტრამპის აკაუნტს ბარაკ ობამას გვერდზე (სხვათა შორის, თუ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ობამას აკაუნტიც -@POTUS – მემკვიდრეობით ერგება) მეტი ხელმომწერიც კი ჰყავს.
ისე, ამერიკის პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი ამერიკელ ამომრჩევლებს და დანარჩენ მსოფლიოსაც ტრამპად კი არა, დრამფად უნდა გაეცნოთ, მაგრამ დონალდის ბაბუამ, გერმანელმა იმიგრანტმა საკუთარი გვარის კეთილხმოვანებაზე ამერიკაში ჩასვლისთანავე იზრუნდა და დრამფი ტრამპით შეცვალა. ტრამპების ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1885 წლიდან ცხოვრობს.
მომავალი მილიარდერი ერთხანს ჰოლივუდის ვარსკვლავობაზე ოცნებამ გაიტაცა. თუმცა, მალევე მიხვდა, რომ მსახიობობა მისთვის შემოსავლის ძალიან არასაიმედო წყარო იქნებოდა და ისევ უძრავი ქონების სფეროში ლიდერი მამის კომპანიაში მუშაობა ამჯობინა.
ტრამპის განცხადებით, მისი დღევანდელი ქონება 10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ამ მონაცემის სისწორე საფინანსო ექსპერტებს სერიოზულად აეჭვებთ, რადგან, სხვა ყველაფერს რომ თავი დაავანებოთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მაგნატის კომპანიებმა გაკოტრების შესახებ სულ მცირე ოთხჯერ მაინც გამოაცხადეს. მილიარდერი 2008 წლის მსოფლიო კრიზისმაც საფუძვლიანად დააზარალა, თუმცა, საკუთარ კეთილდღეობას მაინც მთავარ კოზირად იყენებს და ამომრჩევლებს ჯიუტად არწმუნებს, რომ დღესაც ძალიან მდიდარი ვარ და თუ მე შევძელი დიდი ფულის შოვნა, თქვენც უსათუოდ შეძლებთო. საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტების შესაძლებლობები და განსაკუთრებით – იმიჯი, ჩირადაც არ უღირს. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატ ჰილარი კლინტონზე გავრცელებული საკმაოდ უხამსი ხუმრობა: თუ ჰილარის საკუთარი ქმრის დაკმაყოფილება არ შეუძლია, ამერიკას როგორღა დააკმაყოფილებსო, საკუთარ
სხვათა შორის, ნაციონალისტად შერაცხილი ტრამპის პირველი ცოლი ჩეხი, მესამე კი სლოვენიელია. ტრამპის პირველი ცოლი, ყოფილი მოთხილამურე და ფოტომოდელი ივონა ქმრის ღალატზე კარგა ხანს ხუჭავდა თვალს, რაშიც ალბათ, ის საჩუქრებიც – ორი ჩემოდანი ძვირფასეულობა, 150 ბეწვის მანტო, 270 საღამოს კაბა და სხვა უამრავი წვრილმან-მსხვილმანი – ეხმარებოდა, რომლებსაც დონალდი წლების მანძილზე შესაშური გულმოდგინებით ჩუქნიდა, მაგრამ ბოლოს ქალს მოთმინების ფიალა მაინც აევსო და, განქორწინებასთან ერთად, ქმრისგან ორი მილიარდი დოლარიც მოითხოვა. ესოდენ მძიმე “ხარკის” გაღებისგან (საბოლოდ ივონა 10 მილიონ დოლარს დასჯერდა) დონალდ ტრამპი მხოლოდ საქმის სერიოზულად ჩავარდნამ და პრაქტიკულად დიდი ბიზნესის მიღმა დარჩენამ თუ იხსნა.
დიდ ბიზნესში დაბრუნება კი უკვე მეორე ცოლის – მარიას მოყვანით აღნიშნა. ამ დროს ტრამპსა და მარიას უკვე პატარა გოგონა – ტიფანი ჰყავდათ. ტრამპის მეორე ქორწილს, სადაც 1 700 სტუმარი იყო მიწვეული, 195 ჟურნალისტი, 25 ტელეკომპანია და 80 ფოტოგრაფი აშუქებდა. საქორწილო სუფრისთვის, ათასნაირი დელიკატესისა და ნუგბარის გარდა, 70 ფუნტი შავი ხიზილალა და 1 320 ბოთლი საუკეთესო შამპანურიც იყო შეკვეთილი, საპატარძლოს თავსაბურავს კი 325 ბრილიანტი ამშვენებდა.
თავიდანვე დიდი ბიზნესის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანის მიუხედავად, დონალდ ტრამპმა ხელოვნებაში საკუთარი ადგილის პოვნა მაინც შეძლო და ტელესერიალებსა და მხატვრულ ფილმებში – “ძიძა”, “პრინცი ბევერლი-ჰილზიდან”, “ჩვენი ცხოვრების დღეეები” და “ცუღლუტი” – საკუთარი თავის განსახიერებისთვის ორჯერ პრემია “ემიზეც” კი იყო წარდგენილი. მაგნატი სხვადასხვა ტელეპროგრამებსა და შოუებშიც აქტიურად მონაწილეობს, ხოლო 2007 წელს, ტელეშოუ “კანდიდატში” მონაწილეობისთვის, ჰოლივუდის ხეივანში საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს. “კანდიდატი” პირველად 2003 წელს, NBC-ის არხზე გავიდა და ტრამპი მასში ერთდროულად პროდიუსერისა და წამყვანის ფუნქციებს ასრულებდა. შოუ თამაშს მოგაგონებდათ, რომლის მონაწილეებიც მილიარდერის ერთ-ერთ კომპანიაში ტოპ-მენეჯერის თანამდებობის მიღებისთვის იბრძოდნენ. თავიდან ტრამპს ერთ ეპიზოდში 50 ათას დოლარს უხდიდნენ, მერე კი შოუ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ანაზღაურება სამ მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რამაც დონალდ ტრამპი ტელევიზიაში მომუშავე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ადამიანად აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპი საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის უამრავი მიზეზის გამო იქცევდა და იქცევს, როგორც კი საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის თაობაზე გამოაცხადა, საინფორმაციო საშუალებებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა პირველ რიგში მაინც მისი ვარცხნილობა გაიხსენეს. მაგნატის თავზე შექმნილი “მხატვრული უწესრიგობა” ადრეც ხშირად გამხდარა ხუმრობისა და ქილიკის საგანი, მაგრამ ასეთი ვარცხნილობიანი ამერიკის პრეზიდენტი როგორც ჩანს, მაინც ძალიან ძნელი წარმოსადგენი გამოდგა და შესაბამისმა რეაქციებმაც აღარ დააყოვნა. “დეილი მეილის” ჟურნალისტებმა საიდანღაც ძალიან ყვითელი და შხამიანი სამხრეთაფრიკული მუხლუხას ფოტო “გამოთხარეს”, რომლის ფაფუკი ბუსუსებიც ტრამპის “თმის საფარს” მართლაც ძალიან ჰგავს; “თაიმის” რედაქციამ კი, ცნობილი ნიუიორკელი სტილისტის დახმარებით, დონალდის მსგავსი ვარცხნილობის შექმნის მთელი ინსტრუქცია შეიმუშავა. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მაინც ყველაზე დიდხანს იხალისეს და ვირტუალური სივრცე მილიარდერის ვარცხნილობაზე დაგროვილი ათასნაირი ფოტოთი და ხუმრობით აავსეს. “განა შეიძლება პრეზიდენტად იმის არჩევა, ვისაც თმა ზღვის გოჭს მიუგავს?” – კითხულობდნენ ისინი.
ისე, მოუწესრიგებელი ვარცხნილობა იქით იყოს და ტრამპს ზოგადად სილამაზის ინდუსტრიასთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს. თავიდან პარფიუმერიას უშვებდა. პირველ არომატს ისევე, როგორც მისი ხელიდან გამოსულ სხვა ყველაფერს, თრუმპ, არომატების მეორე კოლექციას კი – Empire ერქვა.
2009 წლის შემოდგომაზე ქსელური მარკეტინგის კომპანია Trump Network შექმნა, რომელიც მულტივიტამინების, გასახდომი პრეპარატებისა და სიცოცხლის ტონუსის ასამაღლებელი სასმელების გაყიდვითაა დაკავებული. დაბოლოს, დონალდ ტრამპი სილამაზის კონკურს “მის მსოფლიოს” დამფუძნებელიც გახლავთ და მრავალი წლის განმავლობაში ნაციონალურ კონკურს “მის ამერიკაში” მონაწილეობისთვის პრეტენდენტებს პირადად არჩევდა. თვით ამდენი თავგამოდების მიუხედავადაც კი “გარდიანმა” დონალდ ტრამპს მაინც “ამერიკაში ყველაფერი ცუდის – ცუდი გემოვნების, უმეცრების, რასიზმის, ინტელექტისა და ფულის შოვნის ბანალური უნარის ერთმანეთში არევის კვინტენსენცია” უწოდა. ისე, უბრალო ამერიკელი ელექტორატის ცოცხალი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მას დონალდ ტრამპი ძალიანაც აინტერესებს და შიგადაშიგ მგონი, მოსწონს კიდეც. ტრამპი კი აბა რისი ტრამპი იქნება, ეს დამოკიდებულება სასურველ შედეგამდე არ მიიყვანოს? ზემოთ მილიარდერის გვარის გაკეთილხმოვანების ამბავი ვახსენეთ, მაგრამ ის კი აღარ გვითქვამს, რომ თავად სიტყვა TRUMP-ი კოზირს ნიშნავს, რაც მართლაც რომ ზედგამოჭრილია კაცზე, რომლისთვისაც საჭირო დროს საჭირო კოზირის ჩამოსვლა მგონი, ყველაზე ბუნებრივი მდგომარეობაა.
წყარო: http://www.gzapress.ge