საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, ვისაც შელოცვა და გამოლოცვა პრობლემების გადაჭრის გზად მიაჩნიათ. ავადმყოფობის, უიღბლობის, შეშინებული ბავშვის თუ უბრალოდ, უკეთესი მომავლის გამო ადამიანები ხშირად აკითხავენ ე.წ. მლოცავებს. ლოცვაში ცუდი რა უნდა იყოს? თუმცა რეალურად რას წარმოადგენს შელოცვა-გამოლოცვის ტრადიცია და რა შეუძლია მას.
ამის შესახებ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია):
– მამაო, რა არის შელოცვა და გამოლოცვა? რა ძალა აქვს შელოცვას,?
-ცხოვრების გზას ადამიანი თვითონ ირჩევს, ძალიან ძნელია როდესაც ღმერთის არ გწამს. ჩვენს სულში ჩადებულია ბუნებითი რწმენა და ამ რწმენას ხშირ შემთხვევაში უკუღმართობისკენ – შელოცვისა და გათვალვისკენ მივმართავთ. ღვთისგან რაც არ არის, ყველაფერი ცრუა. სიცრუის მამა კი ეშმაკია. შელოცვას “ძალმოსილება” აქვს, ვინაიდან ეშმაკს ვიწვევთ დახმარებისთვის. ის კი დაცემული ანგელოზია, რომელსაც უფალმა მისცა ხელმწიფება უკეთურ სულებზე. უკეთური სულის პატრონია ის ადამიანი, ვინც ეკლესიაში არ დადის და იმედებს ამყარებს სატანურ “რესურსებზე”, უმუშაკოდ სურს წამში მიიღოს “კუთვნილი სათნოება”. ზოგიერთს ქმარი უნდა და ჯადოს აკეთებს, რადგან ფიქრობს: ღმერთი არ მეხმარება და ამ გზით მაინც მოვიპოვებ რაც მეკუთვნის, ზოგიერთი ჯადოს ფულის გამო აკეთებს, ასევე არსებობს “პატარა” ჯადოქრობები: მეჭეჭის შელოცვა, გამონაყარის შელოცვა, შესიებისას შელოცვა და ა.შ. სხეულისა და სულის კომფორტისთვის ყველაფერზე წამსვლელია ადამიანი, მაგრამ იმას არ ფიქრობს, შემდგომში რა შედეგი მოჰყვება მსგავს “კომფორტს”. პირჯვრის მადლი, სანთლის დანთება, ეკლესიაში პარაკლისების გადახდა, ეს არის ჩვენთვის უდიდესი ძალა და მინდობა ღვთისა. უფალი სარწმუნოებისაებრ აუცილებლად მოგვაგებს რაც გვჭირდება.
– თუ შეიძლება ადამიანს ისე შეულოცონ თვითონ რომ არ იცოდეს?
– შელოცვა მოქმედებს, რადგან ამ გზით ადამიანის სულზე ვაგზავნით ეშმაკს. მორწმუნენი ნაკლებად განიცდიან ზემოქმედებას, რადგან მათი დამცველი თავად უფალი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია. ღმერთის იმედად მყოფ ადამიანზე არ მოქმედებს შელოცვები .
– რა შემთხვევაშია საჭირო ადამიანს კვეთებულის ლოცვა ჩაუტარდეს?
-წმინდა მამები გაურბოდნენ კვეთებულის ლოცვას, რადგან ამ გზით არა მხოლოდ ჩვენსკენ მომართული ისრების მოგერიება გვიწევს, არამედ სხვა ადამიანების მიმართად ნატყორცნის. სულიერი სიმტკიცე და ძალა თუ არ შესწევს ადამიანს, უმჯობესია საერთოდ არ წაიკითხოს. ეს ლოცვა მხოლოდ ეშმაკეულებს ეკითხებათ. დაუშვებელია თავის, კბილის, წელის და ფეხის ტკივილის დროს ამ ლოცვის წაკითხვა. მოციქულებს მიეცათ ხელმწიფება ეშმაკის შეკვრისა და განსხმისა, მაგრამ არა ყველას… ქრისტემ მრავალი ეშმაკეული განკურნა, მისცა შვება, თუმცა იყვნენ ისეთებიც რომელთაც ქრისტეს მსგავსად მოინდომეს ბოროტის განგდება, მაგრამ ეშმაკმა უთხრა: ქრისტე ვიცით, მაგრამ შენ ვინ ხარ? ვნებებს დაქვემდებარებულ ადამიანს ვერ ექნება ხელმწიფება ეშმაკის გაძევებისა, ასეთმა ადამიანმა ეგზორციზმის ლოცვა რომ წაიკითხოს თავად იქნება გამოსაჯანმრთელებელი. მადლი მოცემული გვაქვს საზომისაებრ, არ უნდა ვეცადოთ იმაზე მეტად გავჭიმოთ ხელი, ვიდრე თავად იჭიმება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვძვრება. ღმერთმა მოგვცეს შეწევნა, კურთხევა და შორს ვიდგეთ ეშმაკისგან. ჩვენი ლოცვით ვეწეოდეთ ეშმაკეულებს. პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ ასეთი სენით შეპყრობილი ადამიანები.
წყარო: http://www.mshoblebi.ge