კვლევა: ხელოვნური ინტელექტი ყველაზე მეტად ქალებს დააზარალებს

ქალები და უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები ხელოვნური ინტელექტის განვითარებით გამოწვეული ცვლილებების მიმართ ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებად სახელდნენ. ამის შესახებ ავსტრალიის მთავრობის დაკვეთით მომზადებულ პირველ ეროვნულ კვლევაშია ნათქვამი, რომლის შედეგებიც გამოცემა The Guardian-მა გაავრცელა.

კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი ყველაზე მეტად იმ პროფესიებს შეცვლის, სადაც ძირითადი საქმიანობა ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრაციულ ფუნქციებს უკავშირდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან რეკლამის სფეროს თანამშრომლები, ბუღალტრები, ტელემარკეტინგის სპეციალისტები და სხვა საოფისე პროფესიების წარმომადგენლები.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ხელოვნურ ინტელექტს მასობრივი უმუშევრობა ჯერ არ გამოუწვევია, თუმცა შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება და ბევრ პროფესიაში სამუშაოს შინაარსი მნიშვნელოვნად გარდაიქმნება. მათი შეფასებით, ყველაზე ნაკლებად დაზარალდებიან ის ადამიანები, რომლებიც ტექნიკურ ან პროფესიულ განათლებას ფლობენ და საქმიანობენ ისეთ სფეროებში, სადაც აუცილებელია პრაქტიკული, ფიზიკური ან ხელით შესასრულებელი სამუშაო.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მომავალ წლებში მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნება, არამედ თანამშრომლების გადამზადება და ახალი უნარების განვითარება იქნება, რათა ისინი ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ეფექტიანად მუშაობას შეძლონ.

კომენტარები

სხვა სიახლეები