მოსკოვში, პუშკინის ბიბლიოთეკაში, ისტორიაში პირველად ჰუმანოიდი რობოტების სიმბოლური საქორწილო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მთავარი გმირები რობოტები – რობერტი და მატილდა იყვნენ, რომლებიც დამსწრეების წინაშე ერთმანეთს ერთგულებას შეჰპირდნენ და სიმბოლური საქორწილო ბეჭდებიც გაცვალეს.
რობერტი შემქმნელებმა საოფისე თანამშრომლისა და ბლოგერის სახით შექმნეს, ხოლო მატილდა – ბალერინას პროტოტიპით. ორივე მათგანი საზოგადოებას პირველად სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე წარუდგინეს. საქორწილო ცერემონიაზე ბეჭდები „ახალდაქორწინებულებს“ რობოტმა ძაღლმა, სახელად დოგმატიკმა, მიუტანა.
ცერემონიის ორგანიზატორების განცხადებით, ეს არ ყოფილა იურიდიული ქორწინება, არამედ ტექნოლოგიური შესაძლებლობების წარმოსაჩენად და ჰუმანოიდი რობოტების პოპულარიზაციისთვის გამართული სიმბოლური ღონისძიება. მათი თქმით, მსგავსი პროექტები საზოგადოების ყურადღებას თანამედროვე რობოტიკის განვითარებისკენ მიმართავს და აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მომავალში რობოტები ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცნენ.