ევროპას ანომალიური სიცხე კვლავ მძიმე გამოცდას უწყობს. რამდენიმე ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, რის გამოც სიცხემ უკვე ინფრასტრუქტურაზეც იმოქმედა — დაზიანდა გზები, დეფორმირდა ასფალტი და ზოგიერთ ადგილას შუქნიშნების პლასტმასის კონსტრუქციებიც კი დადნა.
ყველაზე მძიმე ვითარება იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთშია. გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო საავტომობილო გზების ნაწილი დაზიანდა, ხოლო ტრამვაის ლიანდაგები დეფორმირდა. იტალიის რამდენიმე ქალაქში კი სიცხის გამო უმაღლესი დონის გაფრთხილება მოქმედებს.
ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, დღის ყველაზე ცხელ საათებში გარეთ გასვლას მოერიდონ, მიიღონ საკმარისი რაოდენობით წყალი და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებსა და ხანდაზმულებს მიაქციონ. სპეციალისტების შეფასებით, მსგავსი ექსტრემალური სიცხის ტალღები კლიმატის ცვლილების ფონზე სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.