მალაიზიაში ე.წ. „ახალგაზრდების მოხუცთა სახლი“ („Youth Retirement Home“) გაიხსნა, რომელიც ემოციურად გადაღლილი და მუდმივად კონკურენციაში მყოფი Generation Z-ის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი.
პროექტი 25 წლის მეწარმემ შექმნა. კონცეფციის მიხედვით, სტუმრებს შეუძლიათ ერთი თვე გაატარონ სამუშაოს, მიზნების, დედლაინებისა და სოციალური წნეხის გარეშე. საცხოვრებელი სივრცე მალაიზიის პერაკის შტატში, ეკოლოგიურ გარემოში, მწვანე სივრცეში მდებარეობს.
პროექტის ფარგლებში დამსვენებლებს სთავაზობენ საცხოვრებელს, შინაურ საკვებს, ბუნებაში სეირნობას, დასვენებასა და ფსიქოემოციურ აღდგენაზე ორიენტირებულ გარემოს. ერთი თვის ღირებულება დაახლოებით 430 დოლარია.
მედიის ინფორმაციით, ცენტრში ადგილები უკვე სრულად დაჯავშნილია. თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთმა გამოცემამ ეჭვი გამოთქვა, რამდენად მასშტაბურად ფუნქციონირებს პროექტი რეალურად და ხომ არ არის მისი ნაწილი სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებული მარკეტინგული კამპანია.
„ახალგაზრდების მოხუცთა სახლის“ კონცეფცია უკავშირდება აზიაში გავრცელებულ ე.წ. „lying flat“ მოძრაობას, რომელიც მუდმივი პროდუქტიულობის კულტურისგან დროებით დისტანცირებას და ფსიქოლოგიურ გადატვირთვას გულისხმობს.