„დეითინგ“ აპლიკაცია, სადაც ერთადერთი მამრობითი სქესის მომხმარებელი თავად ავტორია

ჩრდილოეთ კაროლინელი მამაკაცის უცნაური ექსპერიმენტი

ჩრდილოეთ კაროლინაში 31 წლის მამაკაცმა თანამედროვე “დეითინგის” კულტურას უჩვეულოდ უპასუხა — შექმნა აპლიკაცია, სადაც ერთადერთი მამრობითი სქესის მომხმარებელი თავად არის. აპლიკაციას Singularity ჰქვია და მისი იდეა იმდენად მარტივია, რამდენადაც პროვოკაციული.

პლატფორმაზე დარეგისტრირებული ქალები პარტნიორის არჩევის პროცესში ყოველთვის ერთსა და იმავე პროფილს ხედავენ — სხვადასხვა ფოტოთი, თუმცა ერთი და იგივე ადამიანისას. ალგორითმები, შეთავსების ფილტრები და კონკურენტი პროფილები აქ არ არსებობს — არჩევანი მხოლოდ ერთია.

აპლიკაციის ავტორის თქმით, პროექტი თავდაპირველად ხუმრობის სახით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში ის თანამედროვე ონლაინ გაცნობის ქაოსური გარემოს ირონიულ ანარეკლად იქცა. ეს იყო მისი პასუხი იმაზე, რამდენად გადატვირთული და დამღლელი გახდა დღევანდელი “დეითინგის” სივრცე. ავტორმა რადიკალური გადაწყვეტა აირჩია: თუ ყურადღებისთვის მუდმივი ბრძოლა პრობლემად იქცა, რატომ არ უნდა მოიშორო ყველა კონკურენტი ერთიანად?

იდეამ ინტერნეტში აქტიური დისკუსია გამოიწვია. ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების მიუხედავად, Singularity-მ მიზანს მიაღწია —  მას დღეს მრავალი მიმდევარი ჰყავს.

აპლიკაცია სერიოზულ ალტერნატივად არ პოზიციონირდება. ის უფრო სოციალური ექსპერიმენტია, რომელიც ღიად ტოვებს ერთ კითხვას: თანამედროვე წყვილთა გაცნობის პროცესში პრობლემა არჩევანის ნაკლებობაა, თუ პირიქით — მისი სიჭარბე?

კომენტარები

სხვა სიახლეები